26 მარტი 2019,   15:05
ვრცლად
ზვიად კუპრავა დღეიდან არის პოლიტიკური დევნილი და პოლიტიკური პატიმარი - გაერთიანებული ოპოზიცია

„სასამართლო არის სუს-ის ნოტარიუსთა პალატა,“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა მოსამართლის მიერ ზვიად კუპრავასთვის პატიმრობის შეფარდების შეფასებისას გააკეთა.

„ზვიად კუპრავა დღეიდან არის პოლიტიკური დევნილი და პოლიტიკური პატიმარი. მართლა, სასაცილო იქნებოდა ის ბრალდება, რის გამოც, გადაწყდა, რომ ზვიად კუპრავა დააკავონ, სასაცილო იქნებოდა, საქმე რომ არ გვქონდეს ადამიანისთვის თავისუფლების აღკვეთასთან. ზვიად კუპრავას დევნიან იმ პოლიტიკური აქტიურობისთვის, რომელსაც ის ახორციელებს ის წლების განმავლობაში საქართველოში და იმ პოლიტიკურო აქტიურობისთვის, რომელიც ემსახურება საქართველოში ივანიშვილის რეჟიმის შეცვლას,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის თქმით, ზვიად კუპრავა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში იმყოფება და მიმალვას არ გეგმავს.

„ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს მე შევახსენებ, რომ თითოეული ჩვენგანის დაკავება მას დაუჯდება ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასი და საქართველოს მოსახლეობა ზუსტად იმავე ბრალდებით გაისტუმრებს „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან, რა ბრალდებაც ზვიად კუპრავას წაუყენეს, ეს ბრალდება არის პანღური და ამ პანღურს საქართველოს მოსახლეობისგან ეს ხელისფლება უახლოეს მომავალში მიიღებს,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ოპოზიციის დაშინებას ემსახურება. 

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს, კუპრავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს, რომლის გამოც კუპრავას გირაო შეეფარდა, დღეს კი პროკურატურამ გირაოს შეცვლა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. 

ზვიად კუპრავა ამბობს, რომ ეს არის შურისძიება და სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია.

დღის ამბები