26 მაისი 2019,   23:42
ვრცლად
„თიბისი ბანკის“ საქმეში ბიძინა ივანიშვილის ახალი კვალი იკვეთება - ის ბანკის სამ მილიონზე მეტ აქციას ფლობდა

დოკუმენტები ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილს TBC ბანკის ინტერესი ჰქონდა. როგორც ირკვევა, 2015-2017 წლებში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბანკის სამ მილიონზე მეტ აქციას ფლობდა. მარკეტ სქრინერის მონაცემებით, ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა 2017 წლის 29 მარტს ორი მილიონი აქცია, თითქმის, 25 მილიონ ფუნტად გაყიდა, თუმცა მის საკუთრებაში 1 მილიონი აქცია დაიტოვა. იმ დროისთვის "თიბისი ბანკის" ერთი აქციის ფასი 12,40 ფუნტი იყო.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ ბანკის 4,1 პროცენტი აქციების ფლობა არ ნიშნავს, რომ ივანიშვილს ბანკის ინტერესი აქვს.

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა "კურიერს" დაუდასტურა, რომ მათი შვილობილი კომპანია "მალონი" TBC ბანკის აქციებს ფლობდა. თუმცა ფონდში ამბობენ, რომ ბოლო ტრანზაქციის შედეგად დარჩენილი ერთი მილიონ 136 ათასი აქციაც გაყიდეს და დღეს ივანიშვილს TBC ბანკთან კავშირი აღარ აქვს.

ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკისა და ამ ჯგუფთან დაკავშირებული პროექტების ხელში ჩაგდება ბიძინა ივანიშვილს სურს. ხელისუფლების ოპონენტები მამუკა ხაზარაძეს მოუწოდებენ, საჯაროდ იაქტიუროს.  

ამერიკის სავაჭრო პალატამ დღემ უმწვავესი განცხადება გაავრცელა და ქვეყნის ცენტრალური ბანკი კანონის გვერდის ავლით გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულა.

"თიბისი ბანკის" საქმეზე უკვე ერთი კვირაა, დუმს ეროვნული ბანკი, თუმცა ქვეყნის მთავარ ბანკირს მწვავე კითხვებზე პასუხების გაცემა, სამშაბათს მოუწევს. კობა გვენეტაძე დარგობრივი კომიტეტის სხდომაზეა დაბარებული.

 

დღის ამბები