18 აპრილი 2019,   18:40
ვრცლად
მოჭიდავეების მობილიზება ლიეჟში - ემიგრანტები სააკაშვილთან შეხვედრაზე მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობენ

ლიეჟში, სადაც ქართველი ემიგრანტები საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად ემზადებიან, პროვოკაციები იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად შეხვედრის მონაწილეები ავრცელებენ. მათი თქმით, სხვადასხვა ქალაქებიდან ხდება  გარკვეული ჯგუფების მობილიზება იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა ჩაიშალოს. ემიგრანტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას მათი ეშინია და ამისთვის გამოყო დიდი ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ ადგილზე პროვოკაციების დიდი ჯგუფის მობილიზება მოახდინოს.

„გუშინ ჩვენ ვიყავით ბრიუსელში და შეგვხვდნენ ქართველები ცენტრში. ერთი 12-15 ქალბატონი,  რომლებმაც დროშების დანახვაზე იმ წუთასვე თავი აგვარიდეს. არ გამოგველაპარაკნენ და გაგვეცალნენ ცივად. ეგეთი ინფორმაციაც არის რომ აქ პროვოკაციის მიზნით ჩამოიყვანეს სხვადასხვა  ქვეყნებიდან ხალხი. იმედია რომ პროვოკაციას ადგილი არ ექნება. ჩვენ ძალიან მშვიდობიანად ვართ ჩამოსულები და ყველას მოვუწოდებ, რომ არ გვინდა ეს განხეთქილება, პროვოკაციები და ა.შ. ჩვენ ვართ აქ საქართველოს მხარდასაჭერად და ჩვენი შვილების ნათელი მომავალის მხარდასაჭერად,“-განაცხადა ნინო გრძელიძემ.

ინფორმაციას ადასტურებს შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი სიგუა. მისი თქმით ლიეჟში მობილიზებულები არიან სპორტსმენები, მათშორის მოჭიდავეები, რომელთა ნაწილ ის თავადაც იცნობს.

„მე ვიცი რომ ადამიანებს სთხოვეს მოეწყოთ აქ პროვოკაცია მაგრამ მე დარწმუნებული ვარ  რომ ამ პროვოკაციებს ადგილი არ ექნება. იმიტომ რომ თუნდაც ის მოჭიდავეები რომლებიც არიან ჩამოსული, ან აპირებენ ჩამოსვლას, მე მათ ძალიან კარგად  ვიცნობ პირადად. ეს ადამიანები გვეხმარებოდნენ უსაფრთხოების დაცვაში ანაკლიაში ფესტივალზე. მე ნამდვილად ვიცი რომ აქ არიან სპორტსმენები, არა მარტო მოჭიდავეები არამედ სხვა სპორტსმენები. რომლებიც არ ვიცი რაზე  ფიქრობენ, როგორ ფიქრობენ და რის მოწყობას აპირებენ, თუმცა ნებისმიერი ექსცესი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. თქვენ ნახავთ აქ უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომებს. ერთ ადამიანს თმის ღერი რომ ჩამოუვარდეს ამ კრებაზე ამას გადაყვება ბიძინა ივანიშვილი მთელი თავისი კლანიანად,“-განაცხადა გიორგი სიგუამ.

სპორტსმენების მობილიზება "კურიერმა" აეროპორტშიც დააფიქსირა. ერთ-ერთი სპორტსმენი, რომელიც "კურიერის" კამერამ გადაიღო აეროპორტში, მოგვიანებით ლიეჟში იმ სასტუმროში მივიდა, სადაც შეხვედრა იმართება.

 

დღის ამბები