22 თებერვალი 2019,   01:34
ვრცლად
ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა კანონის დაცვით გაიცა - სამოქალაქო აქტივისტები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

ვაკის პარკში დაგეგმილი მშენებლობის შესახებ სასამართლოს ბოლო ინსტანციამ დაადგინა, რომ სასტუმრო ბუდაპეშტისთვის თავის დროზე ნებართვა კანონის სრული დაცვით გაიცა. გადაწყვეტილების დასაბუთებაში კი ითქვა, რომ სარეკრეაციო ზონაში მშენებლობა პრობლემა არ არის.

ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტისთვის მშენებლობის გაცემას დიდი სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. აქტივისტები თითქმის ერთი წელი პარკს ინვესტორისგან დღე და ღამე იცავდნენ. მშენებლობის უფლების შეჩერებას კი იმავე მოქალაქეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წამოწყებული 5-წლიანი სამართლებრივი დავა მოჰყვა. მართალია, სასამართლომ გამარჯვებულად თბილისის მერია გამოაცხადა, მაგრამ ამასობაში სამშენებლო ნებართვას ვადა გაუვიდა.

სამართალწარმოების დასრულების შემდეგ თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ აქტივისტები სასტუმროს მშენებლობას არც ამჯერად დაუშვებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მერს ყველა ბერკეტი აქვს, არ დაუშვას მშენებლობა.

სამოქალაქო აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ ინვესტორი საზოგადოების ჯიბრში უდგება.

ომის შემდეგ გაშენებული ვაკის პარკს თავის დროზე 120 ჰექტარი ეჭირა. ათწლეულების შემდეგ კი მის საზღვრებში მეექვსედი - მხოლოდ 19 ჰექტარი დარჩა. მიუხედავად ამისა, ახლადდამტკიცებული გენგეგმის მიხედვით, სასტუმრო ბუდაპეშტის მიწის ნაკვეთი პარკის საზღვრებიდან ისეთ მანძილზეა დაშორებული, რომ იქ ამ მასშტაბის მშენებლობა დაუშვებელია.

სასამართლო გადაწყვეტილებამ სამოქალაქო პროტესტი გამოქვეყნებისთანავე გამოაფხიზლა. ამ ეტაპზე ისინი საჯარო განცხადებებით და მედია აქტივობით შემოიფარგლებიან. ქალაქის მერი კი მათ, თხოვნის მიუხედავად, ჯერ არ შეხვედრია.

დღის ამბები