21 აგვისტო 2019,   22:24
ვრცლად
"შიშველი ბავშვი წამოაგდეს საწოლიდან და მიათრევდნენ"- ჯადუგიშვილები პოლიციელებს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებენ

კახეთში, სოფელ ჭანდარში მცხოვრები ჯადუგიშვილების ოჯახი გურჯაანის პოლიციის თანამშრომლებს მუქარასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. ოჯახის ინფორმაციით, 22 წლის გიგა ჯადუგიშვილი, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს, პოლიციამ საკუთარ სახლში ისე დააკავა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაითვალისწინა.

მათივე თქმით, სამართალდამცავები ახალგაზრდას და მის ნათესავებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჯადუგიშვილების განმარტებით, ინციდენტი გუშინ, გვიან საღამოს მოხდა.

მანამდე, ჯადუგიშვილი პოლიციელთან კამათის გამო იყო დაკავებული. ის მოსამართლემ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, დარბაზიდან გაათავისუფლა. თუმცა, პროცესის მსვლელობისას მან პოლიციელს სკამი ესროლა, რაც მისი ხელახალი დაკავების მიზეზი გახდა.

მომხდარზე გამოძიება საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353- ე პრიმა, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო.

ჯადუგიშვილებმა ფაქტის შესახებ გენერალურ ინსპექციას უკვე მიმართეს, სადაც მოკვლევა უკვე დაწყებულია. 

"შემოვარდა 7 პოლიციელი, როგორც კრიმინალური ავტორიტეტი. დაეცნენ, შიშველი ბავშვი წამოაგდეს საწოლიდან და ფეხშიშველა მიათრევდნენ. წინააღმდეგობა გავუწიეთ, წამავლო ხელი და მითხრა, თუ არ გაჩერდები, ბორკილებს დაგადებ და შენც უნდა წაგათრიოო. ბავშვი ყვიროდა, არაადეკვატური იყო, ვერ აზროვნებს ნორმალურად. პასუხის გაცემა არ შეუძლია. ქუჩაში რომ გამოვიდნენ, ამ უფროსმა თავის თანამშრომლებს უთხრა, გადახედე ახლა და ყველას სახე დაიმახსოვრეო იმიტომ, რომ ესენი მერე უნდა გავამწაროო,“- განაცხადა გიგა ჯადუგიშვილის დედამ, ნაზი ჯადუგიშვილმა.

დღის ამბები