23 აპრილი 2019,   04:45
ვრცლად
ექსკლუზიური კადრები - ვიდეომასალა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ევროპის ჩემპიონზე ფიზიკურ თავდასხმას ასახავს

ექსკლუზიური კადრები სპორტის სასახლიდან - სკანდალურ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ გაუსწორდა ფიზიკურად ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე, ევროპის ჩემპიონს.

თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეომასალის მიუხედავად, ამ დრომდე პოლიცია გეგა გეგეშიძის დანაშაულზე თვალს ხუჭავს, მისთვის არც ბრალი წარუდგენიათ და არც დაუკავებიათ.

კადრებში ჩანს, რომ ჩოჩქოლის დროს ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე, ევროპის ორგზის ჩემპიონს ჯაჭვით ხელში უახლოვდება, რომელსაც ზურა დათუნაშვილის მიმართულებით იქნევს. სპორტსმენს ჯერ ჯაჭვი, შემდეგ კი მუშტი სახეში ხვდება.  

სპორტსმენი ზურაბ დათუნაშვილი კურიერთან ინტერვიუში თავდასხმის დეტალებს აღწერს და სპორტულ სამყაროს დახმარებას სთხოვს.

გეგა გეგეშიძე ხელისუფლების "თავდასმხმელთა რაზმებთან" დაახლოვებული პირია. მისმა ძმამ ვლადიმერ გეგეშიძემ პირადად სცემა ოპოზიციის ლიდერები კორცხელში. მიუხედავად იმისა, რომ გეგეშიძის წინააღმდეგაც ვიდეომტკიცებულებები არსებობდა, პოლიციას ვლადიმერ გეგეშიძე არ დაუკავებია.

მაშინ, როდესად ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი სპორტსმენს ფიზიკურად უსწორდებოდა, მის გვერდით იდგა კორცხელის სისხლიანი მოვლენების მონაწილე და ოპოზიციის მიერ "ოცნების ზონდერად" გამოცხადებული გიორგი (ჯიჯა) გიგაური და ვლადიმერ გეგეშიძე - ფედერაციის პრეზიდენტის ძმა.

არსებობს ვერსია, რომ ხელისუფლება სპორტსმენებს ოპოზიციაზე თავდასხმებისთვის იყენებს, სანაცვლოდ კი ისინი ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობენ.

ეს არ არის პირველი დანაშაული, რომელიც ქართულ ოცნების თავდამსხმელთა რაზმის წევრებს აპატიეს. თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანს, გოჩა ჩორგოლიანს, გეგეშიძე თავს ერთი წლის წინ დაესხა და სასტიკად სცემა.

ჩორგოლიანმა ამ თავდასხმის შემდეგ ტვინის შერყევა მიიღო, საქმეც ფორმალურად აღიძრა, თუმცა, პოლიციამ დანაშაული მიჩქმალა და დაზარალებული არც კი გამოკითხა.

სპორტის მოქმედი მინისტრი ამბობს, რომ მომხდარით აღშფოთებულია, თუმცა არ იცის, რატომ აფარებს ხელს მისი კოლეგა პოლიციიდან თავდამსხმელს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 126-ე მუხლით დაწყებულია, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღის ამბები