17 იანვარი 2019,   15:47
ვრცლად
მოსამართლეთა 10-კაციანი სია და ხელისუფლების პოზიცია - არასამთავრობო სექტორი "ოცნებას" მკვეთრი პოზიციის დაფიქსირებას ურჩევს

მოსამართლეთა 10-კაციან სიასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას კრიტიკულად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მესამე სექტორის წარმომადგენლები სიის ჩაგდებას ითხოვენ და ხელისუფლებას მკვეთრი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ.

იურისტი კახა კოჟორიძე ამბობს, რომ რეალურად 10-კაციან სიაში შემავალი მოსამართლეებსის უმეტესობას უვადოდ გამწესებაზე უარს არ ეტყვიან. კოჟორიძე ასევე პესიმისტურად არის განწყობილი ახალი კრიტერიუმების შემუშავების მიმართ.

მისი შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ დაანონსებული ახალი კრიტერიუმების შემუშავება მხოლოდ ფასადური ნაწილია და რეალურად არაფერი შეიცვლება.

„არავინ არ გეგმავს იმ სიაზე მთლიანობაში უარის თქმას. შეიძლება, რაღაც პროცედურებით არ მოხდეს იმ სიის ამ ფორმით დამტკიცება, მაგრამ მოხდეს სხვა ფორმით დამტკიცება. ახლა საუბარი არის გარკვეულ კრიტერიუმებზე და პროცედურებზე და მე კიდევ ერთხელ ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, რომ კრიტერიუმები და პროცედურები ამ შემთხვევაში შეასრულებს იმ ბრჭყვიალა ქაღალდის ფურცელს, რომელიც ლამაზად შეფუთავს იმას, რაც არავის არ მოსწონს საქართველოში. ილია ჭავჭავაძე რომ ინიშნებოდა დუშეთში მომრიგებელ მოსამართლედ, მას არ უთქვამს, რომ ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებო და ესენი ინიშნებიან უვადოდ უზენაეს სასამართლოში და ამბობენ, რომ წინასწარვე ვაკმაყოფილებთ ყველა კრიტერიუმს და აქედან გამომდინარე, რა იმედის მომცემ სიტუაციაზე შეიძლება, იყოს საუბარი,“ - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

მმართველ პარტიას 10-კაციან სიაში მყოფი მოსამართლეების შესახებ პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ ოცნებამ უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით უარი უთხრას უვადოდ პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ მოსამართლეებს.

„ამ ეტაპზე პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ქართულმა ოცნებამ ღიად თქვას, რომ ის ამ 10-კაციან სიას არ იზიარებს, არ დაუჭერს მხარს და არათუ ფორმალურად ჩააგდებს, პრინციპულად ის არ მიიღებს ამ 10-კაციან სიას,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტის თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა. მათ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შეცვლასთან დაკავშირებით იმსჯელეს და არ გამორიცხეს, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის მიზნით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი.

დღის ამბები