27 ივნისი 2019,   02:38
ვრცლად
წარმოუდგენელია, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირს, პრეზიდენტს მართლმსაჯულებაზე პოზიცია არ ჰქონდეს - ოთარ კახიძე

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ კახიძე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს კრიტიკულად აფასებს. ოთარ კახიძისთვის მიუღებელია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავოს და უმნიშვნელოვანეს საკითხზე, მათ შორის, სასამართლო სისტემაზე არ ისაუბროს.

ოთარ კახიძე პრეზიდენტს ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების გამოც აკრიტიკებს. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის თქმით, მაშინ როდესაც არაკომპეტენტურობის გამო ზურაბიშვილი სასამართლო სისტემაზე საუბარს თავს არიდებს, მისი პირველი საპრეზიდენტო ინიციატივა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების თემას ეხება.

„სალომე ზურაბიშვილი არ არის არჩეული პრეზიდენტად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შედეგად. შესაბამისად, ის არ წარმოადგენს ქართველ ხალხს. მას არ ესმის, რომ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო საკითხია, მართლმსაჯულება, როგორი უნდა იყოს ქვეყანაში და წარმოუდგენელია, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირს, პრეზიდენტს ამაზე პოზიცია არ ჰქონდეს, ასევე, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მეგობარ, პარტნიორ სახელმწიფოს არ მიულოცო უდიდესი წარმატება. საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებში, მათ შორის, პრეზიდენტი წარმოადგენს და ესეც გაუგებარია, რატომ არ აფასებს ამ მოვლენას. რაც შეეხება ცილისწამების საკითხს, აქაც საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. ჯერ ამბობს, რომ თითქოს, კომპეტენცია არ ჰყოფნის, რომ პოზიცია დააფიქსიროს მართლმსაჯულების საკითხზე, სამაგიეროდ კომპეტენტურად გვევლინება საკმაოდ მავნებლური იდეის შემოთავაზებაში, რაც გულისხმობს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ჟურნალისტებთან გამართულ პირველ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა შიდა პოლიტიკის ყველაზე მწვავე საკითხებზე საუბარს სწორედ იმ მოტივით აარიდა თავი, რომ ის აღარ არის პოლიტიკური პერსონა.

საქართველოს ისტორიაში ბოლო არჩევითი პრეზიდენტი ამბობს, რომ პოლიტიკა, სასამართლო, მმართველ გუნდში დაპირისპირება და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია მისი საქმე არ არის.

დღესვე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის, რომ ცილისწამების შესახებ კანონზე მუშაობა დაიწყოს. 

დღის ამბები