17 იანვარი 2019,   14:55
ვრცლად
სასამართლო სისტემა, დაპირისპირება "ოცნებაში," პრეზიდენტის საქმე არ არის - სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაზე უარს ამბობს

ქვეყნის პრეზიდენტი პოლიტიკაზე უარს ამბობს. ჟურნალისტებთან გამართულ პირველ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა შიდა პოლიტიკის ყველაზე მწვავე საკითხებზე საუბარს სწორედ იმ მოტივით აარიდა თავი, რომ ის აღარ არის პოლიტიკური პერსონა.

საქართველოს ისტორიაში ბოლო არჩევითი პრეზიდენტი ამბობს, რომ პოლიტიკა, სასამართლო, მმართველ გუნდში დაპირისპირება და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია მისი საქმე არ არის.

ბოლო პერიოდის ყველაზე ხმაურიანი და მწვავე თემაზე უზენაესი სასამართლოთა მოსამართლეთა კანდიდატების შესახებ, რომელმაც უმრავლესობაში ყველაზე დიდი განხეთქილება გამოწვია, სალომე ზურაბიშვილი თავისი მკაფიო პოზიციის გამოხატავს არ აპირებს.

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პრეზიდენტი „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით გახდა, არც მმართველი პარტიის შიდა დაპირისპირების მოგვარებაში ჩარევას აპირებს.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი არც სტრატეგიული პარტნიორის უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მილოცვას ჩქარობს. პრეზიდენტი საპატრიარქოს ელოდება.

სალომე ზურაბიშვილის პირველი და ერთადერთი საპრეზიდენტო ინიციატივა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების თემას ეხება. პრეზიდენტი მზად არის, რომ ცილისწამების შესახებ კანონზე მუშაობა დაიწყოს.

ოკუპანტ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე სალომე ზურაბიშვილს ჯერ რაიმე კონკრეტული გეგმა არ აქვს.

პრეზიდენტმა ჯერ არ იცის, რომელ ქვეყანას ეწვევა პირველი ვიზიტით, თუმცა უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ავღანეთში ჩავიდეს და ქართველ ჯარიკაცებს შეხვდეს.

 

დღის ამბები