17 იანვარი 2019,   14:39
ვრცლად
სააპელაციო სასამართლომ ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. აღნიშნული სარჩელით ანა დოლიძე მოსამართლეთა გასაუბრების პროცესიდან 14 მოსამართლის მიერ მისი აცილების საკითხის ბათილად ცნობას ითხოვდა.

პროცესზე დოლიძის იურისტმა საქმის განმხილველი მოსამართლეების გიორგი ტყავაძის და მარიამ ცისკაძის აცილებაც მოითხოვა, თუმცა სასამართლომ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

საია-ს იურისტის, მიხეილ ჯახუას განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდეს.

„სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა ის პოზიცია, რომ შესაძლებლად მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი აცილებული იქნას მოსამართლეთა დანიშვნის პროცესიდან მის მიერ საჯაროდ კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმის გამო, არა კონკრეტულ მოსამართლეებთან დაკავშირებით, რომლის საკითხიც განიხილება, არამედ ზოგადად, სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა ჯახუამ.

ანა დოლიძემ სასამართლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ სარჩელით მოსამართლეების მიერ გასაუბრების დროს მისი აცილების საკითხზე მიმართა. 2018 წლის თებერვალში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან ჩატარებულ გასაუბრებაზე სადაც 51 კანდიდატიდან 14-მა ანა დოლიძე გასაუბრების პროცესიდან აიცილა.

ამის მიზეზად მათ ანა დოლიძის ის საჯარო განცხადება დაასახელეს, რომლის თანახმად, „ზურაბ ადეიშვილის ნარჩენები ცდილობენ შეინარჩუნონ კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე.“ მოსამართლეები დოლიძის აღნიშნულ განცხადებას შეურაცხმყოფელად მიიჩნევდნენ.

დღის ამბები