18 ივნისი 2019,   16:40
ვრცლად
მთავარია, რომ კონფლიქტში მონაწილე მხარეებმა ერთმანეთს მოუსმინონ - დიმიტრი ხუნდაძე უმრავლესობაში არსებულ განხეთქილებას ეხმაურება

დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“ - მოსამართლეთა 10-კაციან სიასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის წევრების ნაწილის ულტიმატუმს ე.წ. ახლების გუნდი პასუხობს. მათთვის მიუღებელია თანაგუნდელების მოთხოვნა, სიის გაწვევასთან დაკავშირებით, თუმცა, ისინი აცხადებენ, რომ დიალოგი ორივე მხარის წარმომადგენლებს შორის აუცილებლად უნდა შედგეს.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ მმართველმა პარტიამ დიალოგის შემდეგ მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„მე მაქვს სურვილი, რომ ჩემი ოპტიმიზმი არ გასკდეს, როგორც საპნის ბუშტი და მაქვს იმედი, რომ გუნდში ეს პრობლემა არის მოგვარებადი. მთავარია, რომ კონფლიქტში მონაწილე მხარეებმა ერთმანეთს მოუსმინონ და გუნდმა მიიღოს, სამართლიანი, ადეკვატური გადაწყვეტილება. უმრავლესობის ფორმატში ყველას უნდა მიეცეს საშუალება, თავისი აზრი გამოხატოს, მაგრამ ყველას საზრუნავი უნდა იყოს ის, რომ წესები იქნას დაცული და გადაწყვეტილება იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ყველას აღელვებს და არა ცალკეულ ჯგუფებს თუ დეპუტატებს იქნას გადაწყვეტილი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მმართველი გუნდის დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს ასევე პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, აკაკი ზოიძე. დეპუტატი თანაგუნდელებს შორის დაპირისპირებასა და მწვავე კრიტიკაში „ჯანსაღ“, „ცოცხალ“ გუნდს ხედავს.

„მე ახლა მაგალითად არ დავეთანხმებოდი ცალკეულ გამონათქვამებს ჩვენი გუნდის მხრიდან, რომელიც გაჟღერდა იგივე ჩვენი გუნდის წევრების მხრიდან ერთმანეთის მიმართ, მაგრამ ასეთი დისკუსია ნათლად აჩვენებს, რომ ეს არის ცოცხალი, ჯანსაღი გუნდი, ეს არის გუნდი, რომელსაც ადარდებს ამ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები, მათ შორის, სასამართლოს სისტემაშიც. დიდი იმედი მაქვს, რომ არავითარი გამოთქმები, რაც ეხება დევნას, რაც ეხება გარიყვას, გარიცხვას და ა.შ. ჩვენ გუნდში არ დაგვჭირდება ასეთი გამოთქმების ხმარება არასდროს და მივიღებთ ყველასთვის და ამ ქვეყნისთვის, პირველ რიგში, სასიკეთო გადაწყვეტილებებს,“ - განაცხადა ზოიძემ.

დღის ამბები