27 ივნისი 2019,   02:32
ვრცლად
პროტესტი გაგრძელდება, არავინ აპირებს სახლში თბილად ყოფნას - ოპოზიციის სამოქმედო გეგმა ხვალ გახდება ცნობილი

გაერთიანებული ოპოზიციის სამოქმედო გეგმა ხვალ გახდება ცნობილი. ამის შესახებ განცხადება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ხატია დეკანოიძემ გააკეთა. მისი თქმით, ოპოზიცია არ აპირებს დაშლას და აქციები გაგრძელდება. ამასთან, დღეს რუსთაველის გამზირზე ღამეს გაათენებენ ის პირები, ვისაც სურვილი აქვთ.

„პროტესტი გაგრძელდება, რასაკვირველია. გაგრძელდება და ეს იქნება მუდმივი პროტესტი. არავითარ შემთხვევაში არ ჰქონდეს ილუზია მთავრობას, რომ პროტესტი შეწყდება და რაღაცნაირად მერე, ვითომ, ახალი წელი მოვა და ასე შემდეგ. არა ბატონებო, არავინ აპირებს სახლში თბილად ყოფნას და არავინ აპირებს რაღაც სისულელე, ილუზიური კარგად ყოფნის გამოხატვას. ვისაც სურს და ძალიან ბევრ ადამიანს სურს დღეს დარჩენა, დარჩება, ასევე ხვალ, გაერთიანებული ოპოზიცია წარმოგიდგენთ თავის საკუთარ გეგმას,“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რუსთაველის გამზირზე ღამის გათენებას გეგმავს ენმ-ს წევრი და საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. მასთან ერთად ადგილზე ოპოზიციის სხვა მხარდამჭერებიც დარჩებიან. 

ადგილზე რჩებიან სამართალდამცავებიც, რომელთა მობილიზებაც რუსთაველის გამზირზე მაშინვე მოხდა, რაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია დააანონსა. ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან გზა გახსნილია. 

 

ავტორი: მიშა სესიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები