23 მარტი 2019,   08:08
ვრცლად
სახალხო ვენდეტა ნინოწმინდაში - გადამწვარია საპატრიარქოს კუთვნილი ქონება

სახალხო ვენდეტა ნინოწმინდაში - გადამწვარია საპატრიარქოს კუთვნილი ქონება. ადგილობრივებმა შურისძიება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ თანასოფლელი მოუკლეს.

სოფელ ფოკაში მოსახლეობა კურიერს უყვება, რომ პოლიცია უმოქმედოდ იდგა და უყურებდა, როგორ იწვოდა მკრტიჩიანების საცხოვრებელი სახლები და მანქანები.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სახალხო შურისძიების მონაწილეებს სამართალდამცველებიც ცნობენ, თუმცა, ოფიციალური ვერსიით, გამოძიება პირების იდენტიფიცირებაზე ისევ მუშაობს.

ფოკელების თქმით, ეს იყო ადექვატური რეაქცია სასტიკ მკვლელობაზე, ამიტომ მათთვის გაუგებარია, რატომ დაიწყო გამოძიება, ან ვინ უნდა დასაჯოს პოლიციამ.

სოფელი ასფარაში ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი სახლი იმიტომ გადაწვეს, რომ აღნიშნული შენობით მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახი დროებით სარგებლობდა.  

მოკლული ტოროსიანის მამა ამბობს, რომ მეზობელ სოფელში ბრალდებულის ქონებას ცეცხლი სხვებმა წაუკიდეს და ფაქტს 3 დეკემბერს მომხდარ დანაშაულთან კავშირი არა აქვს. 

სოფელი ასფარა მოსახლეობისგან თითქმის დაცლილია და მუდმივად მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს. შურისძიების შემდეგ მუდმიდად პოლიცია პატრულირებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ოჯახები წლების წინ მკრტიჩიანების ტერორის გამო გადასახლდნენ, რადგან რიგითი მოქალაქეები პოლიციამ ვერ დაიცვა.

მკვლელობაში ბრალდებულის მთელი ქონება ფოკაში განადგურებულია და ოჯახი გახიზნული. მომხდარის დღიდან მკრტიჩიანების არცერთი წევრი სოფელში აღარავის უნახავს. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე მკაცრად გასაიდუმლოებულია.

ფოკელები ამბობენ, რომ მოსახლეობა ასეთი ერთსულოვანი არასოდეს ყოფილა და ეს გაგრძელდება, ვიდრე სამართლიანობა არ აღდგება.

სახალხო ვენდეტის შემდეგ ოჯახი სასამართლოს განაჩენს ელოდება.

დღის ამბები