23 მარტი 2019,   08:08
ვრცლად
საბაგიროს რეაბილიტაცია - გაბაშვილის ქუჩის მცხოვრებლები მერიას საკუთრების ძალადობრივი გზით ჩამორთმევის მცდელობაში ადანაშაულებენ

დედაქალაქის მერიას საკუთრების ძალადობრივი გზით ჩამორთმევის მცდელობაში ადანაშაულებენ. გაბაშვილის 6-ს ნომერში მცხოვრებლები ხელისუფლებასთან თითქმის ერთი წელია დაობენ. მიზეზი ფუნიკულიორის ძველი საბაგიროს რეაბილიტაციაა, რომელიც თითქმის 27 წელია გაჩერებულია. ახალი პროექტი გაბაშვილის ქუჩაზე რამდენიმე სახლის სრულ დემონტაჟს ითვალისწინებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მერია მათი ქონების გამოსყიდვას მიზერულ ფასად ცდილობს. ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ადგილზე მცხოვრებლებს ერთ კვადრატულ მეტრში 600-დან 1000 დოლარამდე თანხას სთავაზობენ. 

საბაგიროს სადგურის რეაბილიტაციას თითქმის მთლიანად სჭირდება გაბაშვილის 6-ს ნომრის ტერიტორია, ეზოთი და საცხოვრებელი ფართებით. მოსახლეობის გაყვანა მათი უსაფრთხოების მიზნითაც აუცილებელია. ორივე მხარისთვის ხელსაყრელ ციფრზე კი ჯერ ვერ შეთანხმდნენ.

გამოსასყიდ თანხაზე ეკონომიკის სამინისტროში ერთი შეხვედრა ჩაიშალა. გაბაშვილის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მოლაპარაკებები თავად ხელისუფლების ინიციატივით, საპრეზიდენტო არჩევნების გამო გადაიდო.

საბაგიროს რეაბილიტაცია მერიის გადაწყვეტილებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიას 2016 წელს დაევალა. კომპანიაში განმარტავენ, რომ პროექტი მზად არის, თუმცა მის განხორციელებას მოსახლეობასთან მოლაპარაკებები აფერხებს. თანხა, რომელსაც ხელისუფლება 10 ოჯახს სთავაზობს, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა.

საბაგიროს რეაბილიტაციის პროექტი დაახლოებით 15 მილიონი ლარი ჯდება. გაბაშვილის 6-ს ნომერში მცხოვრები 10 ოჯახი, მორიგ მოლაპარაკებაზე 18 დეკემბერს არის დაბარებული. ისინი არ გამორიცხავენ, რომ დავა სასამართლოში გაგრძელდეს.

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

 

 

 

 

​ 

დღის ამბები