17 იანვარი 2019,   14:27
ვრცლად
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კვლავ კედელი აღიმართება - 16 დეკემბერს პრეზიდენტის ინაუგურაციას ხალხი გალავნის მიღმა გააპროტესტებს

16 დეკემბერს ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის კვლავ კედელი აღიმართება - ერეკლე მეორის სასახლის გალავნის მიღმა შეკრებილები სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას გააპროტესტებენ.

ხელისუფლების უარის მიუხედავად გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ფართომასშტაბიანი აქციის ადგილის შეცვლას არ აპირებენ. აქციაზე ოპოზიციას იწვევს ყველას, ვინც ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა და ზურაბიშვილი პრეზიდენტად საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობა არ აურჩევია.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია, თელავში, ბატონის სასახლეში იმართება. ოპოზიცია შეკრებას ამ ტერიტორიიდან 100 მეტრის მოშორებით ერეკლე მეორის ძეგლთან გეგმავს, თუმცა ქალაქის მერია, მათ მანიფესტაციის გამართვას, მოშორებით ცხრა აპრილის მემორიალთან სთავაზობს.

ოპოზიციამ თელავის მერი დღეს უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა, რადგან განმარტა, რომ მათ აქციის გასამართად ნებართვა არ მოუთხოვიათ. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მანიფესტაცია ინაუგურაციას ხელს არ შეუშლის, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც სასახლის ეზოში მისვლა არავისთვის ფერხდება და ეს არც აქციის მონაწილეების მიზანია.

ალტერნატიული ადგილის შეთავაზებაზე უარი და იმის გამოცხადება, რომ ოპოზიცია გეგმის შეცვლას არ აპირებს, პარლამენტის თავმჯდომარისგან დღეს მწვავე ბრალდებების მიზეზი გახდა. ირაკლი კობახიძე გაერთიანებული ოპოზიციას პროვოკაციების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, საპროტესტო ხმა კვირას თელავში იქნება და იქნება ზუსტად იქ, სადაც ხმის მიწვდენა პროტესტის მთავარ მიზეზთან უფრო მარტივი და გასაგები იქნება.

დღის ამბები