19 მარტი 2019,   11:37
ვრცლად
პოლიტიკური სპეკულაცია და აფიორა - ოპოზიცია ვალების ჩამოწერის პროგრამას კრიტიკულად აფასებს

მთავრობის მიერ დაანონსებულ ვალების ჩამოწერას ოპოზიცია პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს. ასეთი შეფასებები კი მას შემდეგ გაკეთდა, რაც ცნობილი გახდა, რომ პროგრამაში ხელოვნურად გაზრდილია დავალიანების მქონე მოქალაქეთა რიცხვი, რადგან ამ სიაში ნაწილი გარდაცვლილი ადამიანები არიან დარეგისტრირებული.

ოპოზიციის განცხადებით, პროგრამა რომ რეალურ შედეგებზე არ იქნებოდა ორიენტირებული, ეს თავიდანვე ჩანდა, რადგან მთავარი მიზანი ამ გზით ამომრჩეველთა მოსყიდვა იყო.

„რა თქმა უნდა, ეს იყო უტიფარი მოსყიდვა, გაბერილია ეს სიები, არ მუშაობს, საერთოდ აფიორაა ეს ყველაფერი და მეორე სიცრუე, რომ ამ მეთოდებით შესაძლებელია სიღარიბის ხსნა, ეს არის შეუძლებელი,“- ამბობს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი გიგა ბოკერია.

ანალიტიკოსები კი ამბობენ, რომ ხელისუფლება ხელოვნურად ზრდის ციფრებს და როგორც მოსალოდნელი იყო, ის ვერც ამ დაპირებას შეასრულებს.

“იყო მოსყიდვა უპრეცედენტო მასშტაბის. ვიყავით დარწმუნებული, რომ როგორც სხვა დაპირებებს, „ქართული ოცნება“ ამას ბოლომდე ვერ შეასრულებდა. თუ კარგად დავაკვირდებით, აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილები არიან სიაში და ხელოვნურად ხდება ამ მონაცემების გაზრდა,“- ამბობს სამოქალაქო მოძრაობა ”ძალა ერთობაშიას” შტაბის წევრი პაატა მანჯგალაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე კი აცხადებს, რომ 400 ათას მოქალაქეს ვალები პირველსავე დღეს გაუნულდა. თალაკვაძის თქმით, ადამიანები, რომლებიც შავი სიებიდან ამ პროგრამის ფარგლებში ამოვლენ, „ქვეყნის ეკონომიკაში მიიღებს მონაწილეობას“.

დღის ამბები