18 ივნისი 2019,   16:44
ვრცლად
კრემლს დევნილებზე საუბარი არ სურს და საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის ახალ ნაბიჯებს აპროტესტებს

კრემლს და საოკუპაციო რეჟიმებს დევნილებზე საუბარი არ სურთ და საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობის ახალ ნაბიჯებს აპროტესტებენ. ჟენევის მოლაპარაკებათა რაუნდზე რუსეთის მხარის, ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლების დემარშის შემდეგ თბილისმა და მოსკოვმა არაოფიციალური გზავნილები გაცვალეს.

გრიგორი კარასინი აღიარებს, რომ სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ ურთიერთობის დათბობას ელოდა. არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კარასინს პასუხობს, მტერს უწოდებს და პოლიტიკური განცხადებებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

ჟენევის ფორმატიდან დატოვების მიზეზები რუსეთის საგარეო უწყებამ ოფიციალური განცხადებითაც განმარტა, სადაც პროვოკაციად არის შეფასებული ნატო-ს გენერალური მდივნისა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭერი განცხადებები.

რუსეთში რეგიონში უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად საქართველოს ტერიტორიაზე შეერთებული შტატებისა და ნატო-ს სამხედრო წვრთნებს მიიჩნევენ.

ოფიციალური განცხადება საქართველოს საგარეო უწყებამაც გამოაქვეყნა. ქართულმა დელეგაციამ ჟენევაში მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება და ატოცთან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესიც დაგმო, განსაკუთრებული ყურადღება ტატუნაშვილი-ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტებზე გაამახვილა.

მოსკოვის, ოკუპირებული სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლებმა კი მოლაპარაკების მაგიდა მას შემდეგ დატოვეს, რაც ქართული მხარემ დევნილების უსაფრთხო დაბრუნების საკითხი დასვა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. 

დღის ამბები