17 იანვარი 2019,   15:50
ვრცლად
მთავარი პროკურატურა შვიდი მაღალჩინოსნის დეკლარაციას სწავლობს

მთავარი პროკურატურა შვიდი მაღალჩინოსნის დეკლარაციას სწავლობს. საგამოძიებო უწყებას დეკლარაციები საჯარო სამსახურის ბიურომ გადაუგზავნა. უცნობია, ვინ არიან ის მაღალჩინოსნები, ვის ქონებრივ დეკლარაციასაც პროკურატურა სწავლობს. ასევე უცნობია, არის თუ არა მათ შორის ლევან იზორია, რომელთან დაკავშირებითაც "საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველომ" კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ე.წ. "ქართველი მილიონერების" უბანში ორი ფეშენებელური სახლის მშენებლობის დროს იზორიამ დეკლარაციაში არ ჩაწერა, რა უჯდებოდა თითო სახლის მშენებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ამას კანონი ავალდებულებდა.

საჯარო სამსახურის ბიუროში ამბობენ, რომ დეკლარაციებს საგამოძიებო უწყებას მაშინ უგზავნიან თუ არსებობს გონივრული ეჭვი იმის თაობაზე, რომ დოკუმენტში არასწორი ან არასრული ინფორმაციაა შეტანილი. 7-ვე შემთხვევაში საჯარო სამსახურის ბიუროს საქმე სწორედ ასეთ შემთხვევასთან ჰქონდა.

 „გადაგზავნილია 2017 წლის განმავლობაში. ეს არის, დაახლოებით, 8 დეკლარაცია. ამის მიზეზი იყო ის, რომ კანონში ჩვენ გვევალება საფუძვლიანი ვარაუდის შემთხვევაში თუ ვთქვათ საქმე გვაქვს განზრახ არასწორი და არასრული ინფორმაციის შეტანის ეჭვთან, მაშინ ბიურო ვალდებულია, შემდგომი რეაგირებისათვის დეკლარაციები გადაუგზავნოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს. ჩვენი ინფორმაციით, ჯერჯერობით მიმდინარეობს ამ საკითხის შესწავლა,“- განაცხადა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილემ, თემურ ჩიხრაძემ.
 

ამავე თემაზე
დღის ამბები