16 დეკემბერი 2018,   23:44
ვრცლად
მუქარის შემცველი შეტყობინებები - ზაზა სარალიძე გამომძიებლებს ჩვენებას ორი საათის განმავლობაში აძლევდა 

მუქარა და ბრალდებები შვილმოკლული მამის წინააღმდეგ. ზაზა სარალიძე, მის მიმართ, მუქარის შემცველი წერილების შესახებ, ჩვენებას ვაკე საბურთალოს პოლიციას დაახლოებით ორის საათის განმავლობაში აძლევდა.

შვილმოკლული მამა აცხადებს, რომ მასზე ორგანიზებული შეტევა facebook-ის საშუალებით დაიწყო, რასაცა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების საჯარო განცხადებები  მოჰყვა. 

ზაზა სარალიძის შეფასებით, აღნიშნული განცხადებები მიზნად, მის დისკრედიტაციას ისახავს.

“აქამდეც, ამ 11 თვის განმავლობაშიც ძალიან ბევრი პოსტი დადებულა ასეთი სახის, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ყურადღება არ  მიმიქცევია. იქიდან გამომდინარე, რომ ათასში ერთი იყო. ახლა უკვე მასიური სახის გახდა არა მარტო facebook პოსტებიდან, არამედ მთელი ხელისუფლება საუბრობს იმ დესტაბილიზაციას და მოსალოდნელ ჩვენ ლიკვიდაციაზე, რომ უკვე საჭიროდ ჩავთვალე რომ გამოძიება დაიწყოს ამ თემასთან დაკავშირებით. რატომ საუბრობს ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამ დესტაბილიზაციაზე და მაგალითად, ბატონმა გია გაჩეჩილაძემ რატომ მომიწოდა სიფრთხილისკენ და რას გულისხმობდა ეს პიროვნება პირადად ამ საფრთხეში და დესტაბილიზაციაში. აუცილებლად უნდა გამოაშკარავდეს და საზოგადოება უნდა იყოს საქმის კურსში,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძისთვის გაგზავნილ მუქარის შემცველ შეტყობინებებზე საუბრობს სარალიძის ადვოკატი. ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ შეტყობინებები საფრთხის შემცველია. 

„ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ფაქტობრივი გარემოება, რომ ამ მუქარის შემცველი ტექსტების გავრცელებას თან ახლდა მერიის მიერ გავრცელებული ზაზა სარალიძის პერსონალური მონაცემები. მათ შორის ტელეფონის ნომერი და ასევე საცხოვრებელი ადგილის მისამართი, რაც კიდევ უფრო ზრდის იმ საფრთხეს, რაც შეიძლება მას დაემუქროს,“ - განაცხადა უფლებადამცველმა.

დღის ამბები