17 დეკემბერი 2018,   00:10
ვრცლად
ახალციხის ერთ-ერთი სკოლის შვიდი მოსწავლე 37 წლის მამაკაცს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს

ახალციხის ერთ-ერთი სკოლის 7 მოსწავლე 37 წლის მამაკაცს გარყვნილი ქმედების ჩადენაში ადანაშაულებს.

გოგონები ამტკიცებენ, რომ სკოლიდან გამოსვლის დროს მათ მამაკაცი უკან ედევნებოდა და სექსუალურად ავიწროებდა.

მშობლების თანხლებით, შვიდივე დაზარალებულმა პოლიციაში ჩვენება უკვე მისცა.

დღეს კურიერი შვიდივე დაზარალებულის მშობელს დაუკავშირდა. თემის სენსიტიურობის გამო, ყველამ სატელევიზო კომენტარზე უარი თქვა, თუმცა, სატელეფონო საუბრის დროს მომხდარი დაადასტურეს.

დაზარალებულები 12-13 წლის გოგონები არიან. ყველა მათგანი ერთ სკოლაში სწავლობს. საჯარო სკოლაში ფაქტის შესახებ იციან და ამბობენ, რომ მამაკაცი გოგონებს სკოლის გარეთ ელოდებოდა და მათ სახლამდე მიჰყვებოდა. სკოლის მანდატურის სამსახურში ამბობენ, რომ ამ ფაქტის შესახებ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ შეიტყვეს.

37 წლის მამაკაცი, რომელიც პოლიციამ არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედების გამო უკვე დააკავა, პაკისტანის მოქალაქეა. ის ახალციხეში ერთ-ერთ რესტორანში მზარეულად მუშაობდა.

დაკავებული თავს დამნაშავედ სცნობს და ბრალს აღიარებს. 

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები