17 დეკემბერი 2018,   00:07
ვრცლად
ზეწოლა საჯარო მოხელეებზე - საბავშვო ბაღის დირექტორი ამბობს, რომ ის პოლიტიკური ნიშნით უკვე მეორედ გაათავისუფლეს

ზეწოლა  საჯარო მოხელეებზე - თბილისის 169-ე ბაგა-ბაღის დირექტორი ამტკიცებს, რომ მას სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ. ფიქრია ჩახნაშვილი ამბობს, რომ უარი თქვა სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ ღონისძიებებში ჩართვაზე.

ბაგა-ბაღის დირექტორი სამსახურიდან 2 წლის წინაც გაუშვეს, თუმცა მაშინ ქალბატონმა სასამართლოს საშუალებით დაამტკიცა, რომ მისი გათავისუფლება სწორედ პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ბაღის უკვე ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ მას სატელეფონო ჩანაწერიც აქვს, რომელიც ადასტურებს, რომ ის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს. 

ფიქრია ჩახნაშვილის გათავისუფლებას ბაღის თანამშრომლები აპროტესტებენ, ჩახნაშვილი კი ამბობს, რომ მისი გათავისუფლება კახა კალაძესთან "ქართული ოცნების" კოორდინატორების შეხვედრაზე გადაწყდა. 

"არ იყო გასული რამოდენიმე დღე ამ შეხვედრიდან,რომ მოხდა ათკაციანი ჯგუფის შემოვარდნა ბაღში და ეს იყო ვანდალური შემოვარდნა"-ამბობს ჩახნაშვილი.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახა გვანცელაძე კი ამბობს, რომ მონიტორინგის ჯგუფმა ბაღში კონკრეტული დარღვევები აღმოაჩინა. 

„სამგორის რაიონში რამოდენიმე ბაღის მონიტორინგი განხორციელდა. ამ ბაღში გამოვლინდა სხვადასხვა დარღვევები, ეს გახლავთ საკვები პროდუქტების მოპარვა, თვითნებურად მენიუს ცვლილება, დირექტორისა და მენეჯმენტის მიერ. აქედან გამომდინარე გათავისუფლებული იქნა დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან“-ამბობს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახა გვანცელაძე.

დღის ამბები