16 დეკემბერი 2018,   23:14
ვრცლად
ხაინდრავა თვლის, რომ არ იყო სამართლიანი პირობები თავიდანვე... ადამიანმა შეიძლება იჩივლოს სასამართლოში - ეკონომიკის მინისტრი

„ქართული ოცნების“ იდეოლოგი და რეჟისორი გოგა ხაინდრავა სახელმწიფოს წინაშე არსებულ ვალს არ იხდის.

საქმე ეხება ხაინდრავას კომპანიისთვის, „მიწადმოქმედთა ერთობისთვის“ 2014 წელს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 34 937 ლარად ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი მიწის გადაცემას. ხაინდრავა ვალდებული იყო, თეთრიწყაროში 350 ათასი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა, შეეძინა 150 ძროხა, მოეშენებინა ფუტკარი, აშენებინა სათბური და დაესაქმებინა ხალხი, თუმცა, ეს ვალდებულებები მას არ შეუსრულებია.

ხაინდრავას ბიუჯეტის წინაშე უკვე სამ მილიონზე მეტი დავალიანება აქვს. ფულს არ იხდის და „კურიერის“ ინფორმაციით, ხელისუფლებისგან დავალიანების ჩამოწერას ითხოვს.

„შაბათის კურიერში“ გასული რეპორტაჟში ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტო ადასტურებდა დავალიანების არსებობას.

ეკონომიკის მინისტრი, გიორგი ქობულია ამბობს, რომ თუ პირს აქვს ვალი, მაშინ მას გადახდა მოუწევს.

„ჩვენ ვართ ამ საკითხის განხილვის პროცესში დღესდღეობით. ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ კანონის წინაშე ყველა არის თანაბარი. თუ, დავუშვებთ, პიროვნებას გადასახდელი აქვს ეს თანხა, ამ თანხის გადახდა მოხდება ან ვთქვათ, მოხდება ექსპროპრეაცია იმ ქონების, რომელიც ამ ადამიანს გააჩნია,“ - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი ქობულია ამბობს, რომ გოგა ხაინდრავა პრიორიტეტებით არ სარგებლობს და სამინიტრო მის შემთხვევას ამ დრომდე განიხილავს.

გიორგი ქობულიამ ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ გოგა ხაინდრავა არასამართლიან პირობებზე ამახვლიებს ყურადღებას. მინისტრი ხაინდრავას სასამართლოში წასვლისკენაც მოუწოდებს.

„ეს შემთხვევა არ არის იმის გამო, რომ ეს არის გოგა ხაინდრავა თუ ვინმე სხვა, ეს არის ერთ-ერთი შემთხვევა იმ მრავალი შემთხვევის, სადაც ჩვენ გვაქვს მისაღები გადაწყვეტილება. ვიცი, რომ გოგა ხაინდრავას მხრიდან არ არის ის კომფორტულად დაკავშირებული, თვლის, რომ არ იყო სამართლიანი პირობები თავიდანვე, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში სამართლებრივი პროცესი, ამ შემთხვევაში ადამიანმა შეიძლება იჩივლოს სასამართლოში,“ - განაცხადა ქობულიამ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი კი ამბობს, რომ ხაინდრავასთვის დავალიანება არ ჩამოუწერიათ.

„არანაირი დავალიანება არც ჩამოგვიწერია, არავისთვის არ გვიჩუქებია,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

დღის ამბები