15 ნოემბერი 2018,   21:19
ვრცლად
მნიშვნელოვანი
ოპოზიციის ნაცემი მხარდამჭერი, რომელიც მომხდარზე დუმს - ოჯახის წევრები ხელისუფლების მხრიდან დაშინებაზე საუბრობენ

ახალქალაქში ნაცემი ოპოზიციის მხარდამჭერის რემიკ პოღოსიანის გამოკითხვა გვიან ღამემდე გაგრძელდა.

თავად დაზარალებული "კურიერთან" თავდასხმის ფაქტს არც უარყოფს და არც ადასტურებს, თუმცა მისი ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ პოღოსიანს ფიზიკურად ნიღბიანი მამაკაცები გაუსწორდნენ. მოგვიანებით კი ხელისუფლების წარმომადგენლები მას დაემუქრნენ, არ ესაუბრა მომხდარის შესახებ. დაზარალებულის მამის ინფორმაციით, თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობდა "ქართული ოცნების" დეპუტატი ენზელ მკოიანი, მისი ძმა და ძმისშვილი. ოპოზიციის მხარდამჭერზე თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც მან კვირას, გადაცემა P.S.-ის ეთერში ადგილობრივი მაჟორიტარის, მკოიანის კორუფციულ ინტერესებზე ისაუბრა.

რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ, რემიკ პოღოსიანმა მომხდარის შესახებ მედიასთან საჯაროდ საუბარი აღარ ისურვა. ოპოზიციის მხარდამჭერი ამბობს, რომ ვერ იხსენებს რა მოხდა და რატომ მოხვდა ბლაგვი საგნით მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში.

მთელი ღამე ახალქალაქში იმყოფებოდნენ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები. ისინი აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის წევრების გარდა, მათ მხარდამჭერზე ზეწოლას ახდენენ და აშინებენ სამართალდამცველებიც და დაზარალებულს ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებენ.

თავად ენზელ მკოიანი მომხდართან კავშირს უარყოფს.

მრავლობითი ნახეთქი ჭრილობებით, რემიკ პოღოსიანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. უახლოეს მომავალში მას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები