15 ნოემბერი 2018,   21:13
ვრცლად
მნიშვნელოვანი
მორიგი თავდასხმა ოპოზიციის მხარდამჭერზე ახალქალაქში - რემიკ პოღოსიანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება

„ეს არის წაგებული, დამარცხებული და ლაჩარი „ქართული ოცნების“ ქმედება“ - ასე ეხმაურება გიორგი ვაშაძე ახალქალაქში მომხდარ მორიგ თავდასხმას ოპოზიციის მხარდამჭერზე.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსი ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს დააშინოს მოსახლეობა, თუმცა მისი თქმით, ნინოწმინდას და ახალქალაქს მეორე ტურში სწორედ ამ ქმედებების გამო წააგებს.

„დღეს როცა ივანიშვილი ამბობს, რომ რაღაც შეისმინა ხალხისგან, მეორე ხელით ისინი პირდაპირ დანაშაულს ჩადიან. და ამ დანაშაულს ჩადიან დღისით მზისით, ყველას თვალწინ. მათი მცდელობა არის, რომ დააშინონ ხალხი. ხალხნო, ვერავის ვერ დააშინებთ ამით, მე ეს მინდა ვუთხრა. ყველა ამ ფაქტს ექნება რეაგირება ჩვენი მხრიდან და პირობას გაძლევთ, რომ თქვენ ახალქალაქს და ნინოწმინდას ყველა ამ დანაშაულებრივი ქმედების გამო, აუცილებლად ტოტალურად წააგებთ მეორე ტურში,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თავდასხმა ოპოზიციის მხარდამჭერზე რემიკ პოღოსიანზე მას შემდეგ მოხდა, რაც მან კვირას P.S. -ის ეთერში ადგილობრივი მაჟორიტარის ენზელ მკოიანის კორუფციულ გარიგებებზე ისაუბრა.  პოსტსკრიპტუმის რესპოდენტი ყვებოდა, როგორ ფლობს ყველა ბიზნესს, რაიონში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი ენზელ მკოიანი, როგორ არეგულირებს კარტოფილის ფასს ხელოვნურად, რის გამოც ათასობით ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა.

„მთელმა ქალაქმა იცის რომ მთელი „ზაპრავკები“  იმის ოჯახისაა. ამ კაცმა თქვა, რომ მე ისე ვაკეთებ, რომ თურქეთის საზღვარს ვკეტავ და თქვენი კარტოფილის ფასი იზრდება და იყიდება.  მერე პირიქით მოხდა. მერე ისე მოხდა, რომ კარტოფილის ფასი ჩავარდა 10 თეთრამდე და ბევრი ნაწილი გაფუჭდა,“-განაცხადა P.S. თან რემიკ პოღოსიანმა.

ამ ინტერვიუდან ორ დღეში რემიკ პოღოსიანს თავს დაესხნენ და ხელკეტებით სასტიკად სცემეს. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. ის ამ დრომდე კლინიკაში რჩევა. რემიკ პოღოსიანი თავდასხმის შემდეგ მედიასთან ურთიერთობას გაურბის. 

შეგახსენებთ, რომ ენზელ მკოიანის სახელი ახალქალაქში მომხდარ კიდევ ერთ ინციდენტს უკავშირდება. არჩევნების პირველი ტურის დასრულებიდან მალევე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ შემთხვევაშიც მომხდარში ენზელ მკოიანი ფიგურირებდა. მეტიც, თავდამსხმელებიდან ერთ-ერთ შემთხვევის ადგილზე საფულე დაუვარდა, რომელშიც ენზელ მკოიანის ძმის პირადი დოკუმენტები აღმოჩნდა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები