15 ნოემბერი 2018,   20:46
ვრცლად
მნიშვნელოვანი
თუ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდება, მისი მოსაზრებები რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ, გაუტოლდება საქართველოს სახელმწიფოს პოზიციას - თინა ბურჯალიანი 

იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდება, მისი მოსაზრებები რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ, გაუტოლდება საქართველოს სახელმწიფოს პოზიციას - ეს განცხადება, იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გააკეთა.

თინა ბურჯალიანის განმარტებით, ზურაბიშვილის განცხადებები საქართველოს ომის დაწყებაში დადანაშაულების შესახებ,  იქნება დამანგრეველი ქართული დიპლომატიისთვის და იუსტიციის სამინისტრო ვერ დაიცავს საქართველოს ინტერესებს მათ შორის ჰააგის სასამართლოში.

„იმ შემთხვევაში თუ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდება, მისი მოსაზრებები გაუტოლდება საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულებას და პოზიციას, ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე. სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადებები, იმ შემთხვევაში თუ ის პრეზიდენტი გახდება, იქნება დამანგრეველი ამ პოზიციისთვის. ვერც ქართველი დიპლომატები, ვერც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მისი იურისტები ვერ შეძლებენ სახელმწიფოს პოზიციის სათანადოდ დაცვას,“-განაცხადა თინათინ ბურჯალიანმა.

ბურჯალიანის თქმით, უკვე იმასაც აღარ აქვს მნიშვნელობა შეიცვლის თუ არას პოზიციას მომავალში ზურაბიშვილი, მან ეს ზიანი უკვე მიაყენა ქვეყანას.

„ზიანი ქალბატონ სალომეს უკვე მიყენებული აქვს საქართველოსთვის, მაგრამ ეს ზიანი მხოლოდ და მხოლოდ გაასმაგდება იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს პრეზიდენტი გახდება,“-ამბობს ბურჯალიანი.

სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების რუსეთის მხრიდან გამოყენების საფრთხეზე საუბრობს „მედიის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორიც. თამარ კინწურაშვილის თქმით, სერიოზული პრობლემაა, როდესაც ხელისუფლების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის პოზიციას, რუსული პროპაგანდა და კრემლი იყენებს.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს სისხლიანი ომის შემდეგ გამოცემულ წიგნში სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ხელისუფლების მიერ შეიარაღების ზრდაზე და ამ გზით ტერიტორიული პრობლემის გადაჭრის სურვილზე წერს.

დღის ამბები