13 ნოემბერი 2018,   22:28
ვრცლად
მირზა სუბელიანი ხელისუფლებას დამხობით ემუქრება - ახალი სკანდალური ჩანაწერი გლდანის ციხიდან

მირზა სუბელიანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დამხობით ემუქრება. „კურიერმა“ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის კიდევ ერთი საუბრის აუდიოჩანაწერი მოიპოვა.

ფარული მასალით ირკვევა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული ყოფილი პროკურორი, რომელიც ახლა გლდანის ციხეშია, ხელისუფლებაზე გაბრაზებულია და შურისძიებაზე საუბრობს.

პატიმარი მირზა სუბელიანი ფარულ აუდიო ჩანაწერში აცხადებს, რომ სოზარ სუბარის ხათრით თავს იკავებს და ხელისუფლებას არ ამხობს.

საკნის დიალოგებიდან ირკვევა, რომ სუბელიანს, სავარაუდოდ, ფარული მიყურადების შედეგად 2014 წლამდე მოპოვებული აქვს კომპრომატები.  

აუდიოფაილიდან დგინდება, რომ მირზა სუბელიანს დაკავებამდე სულ სხვა პირობა მისცეს, საკანში გადაყვანის შემდეგ კი სხვა რეალობა დახვდა. ის „ქართული ოცნების“ წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის საშუალებით ცდილობს ხელისუფლებას შეუთვალოს, რომ მის ყოფილი თანაგუნდელების წინააღდეგ მოგროვებულ კომპრომატებს არ გაყიდის, თუმცა შურს დარღვეული პირობების გამო იძიებს.

საკნის დიალოგებიდან ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი ხელისუფლების საკადრო პოლიტიკით უკმაყოფილოა. მისი თქმით, 2013 წელს სისტემიდან გაშვებული კადრები შს სამინისტროში უკან დააბრუნეს და დააწინაურეს. სუბელიანის ასეთ მაგალითად შს გენერალური ინსპექციის უფროსს - ალექსანდრე ხოჯევანიშვილს ასახელებს.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, მირზა სუბელიანი იმ პირებზე გაბრაზებულია, ვის გამოც, მისი თქმით, დანაშაული დაიბრალა და ციხეში ჩაჯდა. პატიმარი დეპუტატს უყვება, რომ ციხეში მას სათანადოდ არ უვლიან.

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ რთულ პირობებზეც საუბრობს, მათ შორისაა, საკვები, დამოკიდებულება, ოჯახის წევრებთან პაემნები და ამანათების ციხეში შეგზავნა.

მირზა სუბელიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესაძლო არეულობას არ გამორიცხავს და სავარაუდო თარიღსაც ასახელებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები