13 ნოემბერი 2018,   21:57
ვრცლად
„არ დაასარდაფო“ - ფარული ჩანაწერების გასაჯაროებას ქვეყნის ყველა რეგიონსა და დიდ ქალაქში საპროტესტო ტალღა მოჰყვა

ფარული ჩანაწერების გასაჯაროებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. „არ დაასარდაფო“ - ამ მოწოდებით მოსახლეობა ყველა დიდ ქალაქში გამოვიდა. ქვეყნის ყველა რეგიონსა და დიდ ქალაქში შეძახილებითა და საყვირებით „ქართული ოცნების“ მმართველობას აპროტესტებდნენ.

აქციას "ქართული ოცნების" გორის რეგიონულ ოფისთან მმართველი პარტიის ყოფილი მხარდამჭერები და წევრები შეუერთდნენ. პარტიული ბილეთები მათ საჯაროდ ნაგვის ურნებში გადაყარეს.  

ასფალტზე საღებავით დაწერის უფლება პოლიციამ აქციის მონაწილეებს არ მისცა შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა გავრცელებული ფარული ჩანაწერების შემდეგ პროტესტის გამოსახატად შეიკრიბა.

„არ დაასარდაფო“ - ამ სახელწოდებით აქცია გაიმართა ზუგდიდშიც. აქციას ადგილობრივი მოსახლეობა შეუერთდა.

აქციის მონაწილეებმა გუბერნატორთან შეხვედრა და მისთვის კონკრეტული კითხვების დასმა სცადეს კახეთში. თუმცა, თელავში გუბერნიის შენობაში მათ არც გუბერნატორი და არც მისი მოადგილეები დახვდნენ.

ხელმძღვანელი პირებიდან არავინ იყო ადგილობრივი მთავრობის ადმინისტრაციაში აჭარაშიც. აქციის მონაწილეებს სურვილი ჰქონდათ, მათთვის კორუფციაში მხილებული პირების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ, თუმცა ისინი დაცვამ შენობაში არ შეუშვა.

აქცია "ნუ ასარდაფებ," იმერეთის რწმუნებულის ოფისთანაც გაიმართა. გაერთიანებული ოპოზიციისა წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად გააპროტესტეს ქვეყანაში არსებული არაფორმალური მმართველობა. 

აქცია გაიმართა დღეს რუსთავშიც. ქვეყანაში არსებული მდგომარეობა აქციის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტის შენობასთან გააპროტესტეს. 

აქციის მონაწილეები აანონსებენ, რომ ხმაურიანი პროტესტი მომავალ დღეებშიც გაგრძელდება.

 

დღის ამბები