15 დეკემბერი 2018,   20:31
ვრცლად
გაუფასურებული ლარი და გაზრდილი ფასი საწვავზე - მთავრობამ ბიუჯეტში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 2.63 ლარზე დაგეგმა 

საწვავის ფასი ისევ იზრდება. ბოლო დღეების განმავლობაში, საშუალოდ ლიტრის ღირებულებამ 5-8 თეთრით მოიმატა. მიზეზი ორია - ლარის გაუფასურება და საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის უპრეცედენტო ზრდა. ნავთობ იმპორტიორები უახლოეს მომავალში ფასის კიდევ უფრო გაზრდას ელიან. 

ბენზინზე ფასის ზრდას ისევ ელიან ექსპერტები. ხელისუფლება კი ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას არ გამორიცხავს. მომავალი წლის ბიუჯეტში ლარის ნიშნული დოლართან მიმართებაში 2 ლარსა და 63 თეთრზეა გათვლილი.

ფინანსთა სამინისტრომ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე შეიტანა. ქვეყნის წლევანდელი ბიუჯეტი 2,59 ზე იყო დათვლილი, ამიტომ, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ასეთი ციფრები იმპორტირებული პროდუქტის და კომუნალური გადასახადების ზრდას გამოიწვევს.

სემეკმა წლის ბოლომდე უნდა გადახედოს ტარიფებს, რომელიც რამდენიმე წლის წინ 2 ლარსა და 50 თეთრზე დაითვალა. 

ბიუჯეტის პროექტი განსახილველად უკვე შესულია პარლამენტში. ახალ საფინანსო დოკუმენტში გაწერილი ლარის ნიშნული საგანგაშო მაჩვენებლად მიაჩნიათ ეკონომისტებს ქვეყნის საგარეო ვალების გამოც.

ექსპერტები განმარტავენ, რომ საქართველოს საგარეო დავალიანება 5 მილიარდი დოლარია და წლის განმავლობაში 500 მილიონ დოლარამდეა გადასახდელი. საგარეო ვალი ქვეყანას უცხოურ ვალუტაშია აქვს, შესაბამისად რაც უფრო მაღალია ლარის ნიშნული, მით მეტის გადახდა უწევს ქვეყანას.

2019 წლის ბიუჯეტს ოპოზიცია ფიქტიურს უწოდებს და რეალურ დოკუმენტს პარლამენტში წლის ბოლოსთვის ელოდება. უმცირესობა არ გამორიცხავს, რომ დოკუმენტში ლარის ნიშნული შეიცვალოს და კიდევ უფრო გაიზარდოს. 

საპარლამენტო უმრავლესობა ტარიფების ზრდას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვარაუდობს, თუ ლარის ნიშნული 2.75 გადასცდა, თუმცა დარწმუნებით ფასების ზრდას მაინც არ გამორიცხავენ.

 

დღის ამბები