23 ოქტომბერი 2018,   21:57
ვრცლად
ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია - ბიზნესომბუდსმენი ეკონომიკური ზრდის შემცირების საფრთხეზე და კონსულტაციების აუცილებლობაზე საუბრობს

ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციებს, რომელიც სესხის გაცემას გარკვეული სეგმენტისთვის მნიშვნელოვნად ზღუდავს, ბიზნესომბუდსმენი და ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ეხმაურებიან.

ომბუდსმენი ფიქრობს, რომ ახალმა რეგულაციამ შესაძლოა დააზიანოს ბიზნეს სეგმენტი და ხელი შეუშალოს ეკონომიკურ ზრდას. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია ფართო კონსულტაციები გაიმართოს.

„ეს არ ეხება მხოლოდ ბანკებს იქ არის გარკვეული სექტორები, რომელის გაყიდვებზეც შესაძლოა აღნიშნულმა რეგულაციამ იმოქმედოს. საბოლოო ჯამში ეს შეიძლება იყოს გარკვეული გავლენის მომხდენი ეკონომიკურ ზრდაზე,  ამიტომ ვფიქრობ საჭიროა უფრო მეტი კონსულტაცია და უფრო მეტი გააზრება ამ რეგულაციების რომ არ მივიღოთ ისეთი შედეგი, რომელმაც შესაძლოა მთლიანობაში ბიზნესაქტივობა დააზიანოს,”-აცხადებს ლექვინაძე.

მოსაზრებას რომ ახალი რეგულაციები ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეაფერხებს, ეთანხმება ბანკების ასოციაციის პრეზიდენტიც. ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, ეროვნულ ბანკს საკუთარი გათვლები აქვს, თუმცა ბიზნესსექტორი განსხვავებულ შედეგს პროგნოზირებს.

„სესხებზე ხელმისაწვდომობა შემცირდება, ეს ნიშნავს, რომ ადამიანების გარკვეული რაოდენობა ვეღარ აიღებენ სესხებს , გარკვეული მსესხებლები ვინც არიან ვეღარ დაიმატებენ თუნდაც მცირე სესხებსაც. ამას ექნება რეაგირება ეკონომიკაზე. ჩვენ ჩვენი მოლოდინები გვაქვს ეროვნულ ბანკს სხვა შეხედულება აქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეამცირებს,“ -აცხადებს ძნელაძე.

რეგულაციებსა და სავარაუდო შედეგებზე ბანკების ასოციაციის წარმომადგენლებმა, ბიზნეს სექტორთან დახურულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

საუბარია შეზღუდვებზე, რომლის მიხედვითაც სესხების ხელმისაწვდომობა შემცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანების გარკვეული რაოდენობა სესხს ვეღარ აიღებს. ის პირები კი, რომელთაც უკვე აღებული აქვთ სესხი, არსებულ საბანკო ვალზე სესხს ვეღარ დაიმატებენ.

გარდა ამისა, შეიზღუდება იპოთეკური სესხით სარგებლობის დრო და 15 წლით განისაზღვრება, ამავდროულად უძრავი ქონებით უზრუნველყოფის მაქსიმალურ 10 წლიან ვადაზე. ასევე შეიზღუდება სესხის გადახდის ვადა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები