23 ოქტომბერი 2018,   22:13
ვრცლად
ხმაური საქალაქო სასამართლოში - სოსო რობაქიძემ მოწმის ჩვენება გააპროტესტა

საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ყოფილი პატრულ-ინსპექტორის დავით გიგაშვილის დაკითხვა ხმაურით მიმდინარეობდა.

ხმაური დაცვის მხარის მოწმის დაკითხვას მოჰყვა, რომელიც შსს-ს ყოფილი თანამშრომელია და განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე მომხდარიდან ხუთ წუთში მისვლისას დაინახა, როგორ ამოიღეს სამართალდამცველებმა მანქანიდან იარაღები. აღნიშნული განცხადება სოსო რობაქიძემ გააპროტესტა.

ამის შემდეგ მოსამართლე დავით მგელიაშვილმა სოსო რობაქიძეს დარბაზი დაატოვებინა. დღევანდელ პროცესზე დაიკითხა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს კრიმინალისტიკური განყოფილების უფროსი, რომელმაც გავრცელებულ კადრებზე დაადასტურა, რომ გასროლიდან იარაღების პოვნამდე ვიდეო კადრი არის უწყვეტი და უმონტაჟო.

„პროკურატურის მოწმემ, დავით გიგაშვილმა, რომელიც ცვენ წარმოვადგინეთ, ჩვენს სიაში შეყვანილი იყო, დაადასტურა, რომ მივიდა შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში. ნახა ზუსტად იარაღის ამოღებაც, იქ იარაღიც, ა.შ. დაადასტურა, რომ არანაირი სცენები იქ არ დადგმულა,“ - განაცხადა გურამ დონაძემ.

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესები ხუთი წელია მიმდინარეობს. მთავარი საგამოძიებო უწყება ხუთ პირს, შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს, გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზურა მიქაძეს, ზაზა ბაქრაძესა და დავით იაშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავება.

დღის ამბები