15 დეკემბერი 2018,   20:24
ვრცლად
ხორბლის იმპორტიორების პროტესტის მესამე დღე - ფინანსთა მინისტრთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა 

ხორბლის იმპორტიორების პროტესტის მესამე დღე უშედეგო მოლაპარაკებებით დასრულდა. ფინანსთა მინისტრი გადამზიდავებს მას შემდეგ შეხვდა, რაც აქციის მონაწილეებმა სამუშაო ჯგუფში ჩართვაზე უარი განაცხადეს. აქციის მონაწილეები შეხვედრას მხოლოდ კამერების თანდასწრებით დათანხმდნენ. ივანე მაჭავარიანის წინადადება, რომ დადგენილების ამოქმედება 3 თვით გადაიწევს, მიუღებელი აღმოჩნდა გადამზიდავებისთვის. მათ სამინისტროდან ისევ ლილოს ტერმინალ „გეზ 1“-ში გადაინაცვლეს.

დღის ბოლოს გადამზიდავებმა ხელისუფლებას საკუთარი მოთხოვნები გააცნეს. იმპორტიორები ფინანსთა სამინისტროს სთხოვენ, დადგენილების ამოქმედების ვადა არა 3 თვით, არამედ 2021 წლის იანვრამდე გადაიწიოს. ამ პერიოდში კი, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხორბლის იმპორტის რეგულაციებზე იმუშავებს.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ მოლაპარაკებებამდე, აქციის მონაწილეებთან მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკებებს ქვემო ქართლის პოლიციის უფროსი აწარმოებდა. ლაშა გოგნიაშვილი აქციის მონაწილეებს არწმუნებდა სამუშაო ჯგუფის დახურულ ფორმატში მოლაპარაკებები დაეწყოთ, თუმცა მედიის გარეშე შეხვედრაზე აქციის მონაწილეები არ დათანხმდნენ.

გადამზიდავების მტკიცებით, მინისტრის ამ ბრძანებით 4 ათასამდე გადამზიდავი შემოსავლის გარეშე რჩება. ხორბლის სარკინიგზო და საზღვაო გზით შემოტანა კი, პირდაპირ აისახება ფქვილისა და პურის ფასზე.

ლილოს გამშვებ პუნქტთან მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცველთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მობილიზაცია ხდებოდა.

გაგრძელდება თუ არაა სახმელეთო გზით ხორბლის იმპორტიორების პროტესტი ეს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ტერმინალი ”გეზ 1” ისევ ჩახერგილია.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

დღის ამბები