19 ოქტომბერი 2018,   05:11
ვრცლად
„ქალობის გარდა რაიმე სხვა ღირსებაც უნდა გააჩნდეს საპრეზიდენტო კანდიდატს" - ოპოზიცია მმართველი გუნდის ბრალდებებს პასუხობს

„ქალობის გარდა რაიმე სხვა ღირსებაც უნდა გააჩნდეს კანდიდატს“- ასე უპასუხა ენმ-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა უმრავლესობის წევრებს. მმართველმა გუნდმა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა. სოფო კილაძემ კი აღნიშნა, რომ „ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის დევნა მისი გენდერული იდენტობის გამო ხდება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი პასუხისმგებლობას სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე მმართველ გუნდს აკისრებს. სამადაშვილის განცხადებით, უმჯობესი იქნება თუ „ ოცნება“ გააანალიზებს რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს საპრეზიდენტო არჩევნებზე ზურაბიშვილის გამარჯვებას.

„თქვენ, „ქართული ოცნება“ მხარს უჭერთ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ასარჩევად, უკანასკნელად პირდაპირი  არჩევნების გზით  ამ ქვეყანაში კანდიდატს, რომელიც  აცხადებს, რომ საკუთარი სახელმწიფო, საქართველო არის დამნაშავე 2008 წლის ომის დაწყებაში. ეს არის სწორედ  სუკის და კრემლის საოცნებო  სცენარი ამ ქვეყანაში. ამიტომ სანამ ურცხვად და მდაბიოთ გაიშვერთ ხელს ვინმეს მიმართულებით, გაანალიზეთ რა შედეგები მოჰყვება სალომე ზურაბიშვილის  არჩევას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. ასე, რომ  ქალობის გარდა რაიმე სხვა ღირსებაც უნდა გააჩნდეს კანდიდატს იმისთვის, რომ ვინმემ ჩათვალოს, რომ საქართველოში დრო დადგა ქალი პრეზიდენტის არჩევის. ამ ქალის  არჩევის დრო საქართველოში არც დღეს არ დამდგარა და არც არასდროს  არ დადგება,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე საუბრობს „ევროპული საქართველო“. ელენე ხოშტარიას განცხადებით, როგორ შეიძლება ქვეყნის ინტერესები დაიცვას საპრეზიდენტო კანდიდატმა, რომელიც ამტკიცებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

„მაინტერესებს, ადამიანი, რომელიც თქვენ წარადგინეთ და რომელიც  საუბრობს იმაზე, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს, როგორ დაიცავს საქართველოს ინტერესებს. და მეტიც, სულ რომ ეს ადამიანი არ გახდეს პრეზიდენტი და მე იმედი მაქვს ქართული საზოგადოების, რომ ამ შეურაცხყოფას ჩვენ არ ჩავყლაპავთ. მე მაინტერესებს, როგორ იღებთ თქვენ იმაზე პასუხისმგებლობას, რომ საქართველოში არსებობს კანდიდატი, რომელიც თავის ქვეყანას ადანაშაულებს ამდენ საუკუნოვანი და ესეთი სასტიკი აგრესიის შემდეგ,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები