15 დეკემბერი 2018,   21:01
ვრცლად
აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა - შესაძლოა კორუფციულ გარიგებაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო აუდიტის სამსახურის დასკვნას ეხმაურება. საუბარია დოკუმენტის იმ ნაწილზე, რომელშიც მინისტრის მოადგილე, ვატო მახარობლიშვილი, ფიგურირებს.

საქმე მისი ძმის კომპანია ლენდ მარკ პროჯექტს ეხება, რომელსაც უწყებამ შენობის პროექტირებისთვის 700 ათასზე გადაიხადა. კომპანია კი თანხის ჩარიცხვამდე ერთი დღით ადრე დაფუძნდა.

აუდიტის სამსახურმა პროექტის შესრულებაში ხარვეზებიც გამოავლინა. აუდიტის სამსახურში თვლიან, რომ გამოვლენილი საეჭვო გარემოებების და შესაძლო კორუფციული რისკების გამო, საქმე პროკურატურამ უნდა შეისწავლო.

საგარეო საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ კომპანია ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ შეირჩა და მან დაკისრებული მოვალეობა კარგად შეასრულა.

მინისტრის მოადგილე, ზვიად გონაძე, აცხადებს იმასაც, რომ მის კოლეგას კომპანიის შერჩევასთან კავშირი არ ჰქონია.

 „ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს არქიტექტორთა აღნიშნულ ჯგუფთან და შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებაც მოხდა იმ კომპანიასთან, რომელშიც დასაქმებული  იყვნენ შესაბამისი  კომპეტენციისა და გამოცდილების ადამიანები. აღნიშნული კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები, რაც დადასტურდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაბამისი დასკვნით. პროექტის განხორციელების არც ერთ ეტაპზე ჩვენს მიერ ეჭვი არ გაჩენილა არც კვალიფიკაციასა და არც  მათ შესაბამის პირობებზე.

"რაც შეეხება კომპანიის დამფუძნებლებთან ჩვენი კოლეგის ნათესაურ კავშირს, მოგახსენებთ, რომ საგადასახადო  კოდექსი განსაზღვრავს ანგარიშვალდებულ პირთა წრეს, რომელიც   ითვალისწინებს, რომ ხელშეკრულების მხარეები არ უნდა იყვნენ ანგარიშვალდებული ერთმანეთის მიმართ. აი, ეს არის ზუსტად ჩვენი შემთხვევაც. ამის გარდა, მის კომპეტენციაში არასდროს არ შედიოდა ის სფერო, რომელსაც ჩვენ ვკურირებთ. შესაბამისად, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა ამ პროცესებზე,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ზვიად გონაძემ. 

დღის ამბები