14 ნოემბერი 2018,   05:24
ვრცლად
სკანდალური აუდიოჩანაწერი "იბერიას" საქმეზე - ივანიშვილის გარემოცვის წევრი, ანზორ ჩუბინიძე შუამავლის როლს ასრულებდა

ტელეკომპანია „იბერიას“ საქმე - უჩა მამაცაშვილთან და ლევან ყიფიანთან ერთად „ომეგა ჯგუფის“ პრობლემების მოგვარებაში ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი და ახლა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძეც იყო ჩართული.

„კურიერის“ წყაროსგან მოპოვებული ახალი აუდიოჩანაწერის თანახმად, ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს ეუბნება, გამოყოს სამ მილიონ ნახევარი, საიდანაც ერთ მილიონს ბიუჯეტში გადაიხდის, ორ-ნახევარს კი შუამავლებს მისცემს. ანზორ ჩუბინიძეა სწორედ ის ადამიანი, ვინც ყიფიანის თქმით, ახალ პრემიერთან „ომეგა ჯგუფის“ პრობლემები უნდა მოაგვაროს.

ახალ ჩანაწერზე კომენტარი გააკეთა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა. ოქუაშვილმა „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფზე“ ხელისუფლების ზეწოლას "კრიმინალების ბანდის თავდასხმა" უწოდა.

გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე დღეს კომენტარი არ გააკეთეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ლევან ყიფიანმა, რომელიც ყველა ჩანაწერის მთავარი ფიგურანტია, ახალი აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვა. ის გამოკითხვაზე თბილისის პროკურატურაში ორშაბათს დაიბარეს.

სკანდალური აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ანზორ ჩუბინიძის გადადგომა მოითხოვა „ნაციონალური მოძრაობამ.“ პარტია მის წინააღმდეგ გამოძება დაწყებას ითხოვს.

ფარულ ჩანაწერებში კორუფციული დანაშაულის ნიშნებს ხედავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.“ გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს განცხადება გაავრცელა და ქვეყანაში ელიტური კორუფციის არსებობაზე მიუთითა. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები