19 სექტემბერი 2018,   06:45
ვრცლად
სკანდალური აუდიოჩანაწერი "იბერიას" საქმეზე - ენმ ანზორ ჩუბინიძის გადადგომას და გამოძიების დაწყებას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობა“ სკანდალური აუდიოჩანაწერის ერთ-ერთი ფიგურანტის, ანზორ ჩუბინიძის თანამდებობიდან გადადგომას და მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ტელეკომპანია „იბერიის“ საქმეზე „კურიერში“ გასული სკანდალური ფარული ჩანაწერების შემდეგ, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან მივიდნენ და სამსახურის უფროსთან, ანზორ ჩუბინიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა საშვი არ დაუშვეს.

ჩუბინიძესთან შესვლისთვის საშვის დაშვებას ითხოვდა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი, რომელიც არ შეუშვეს. ხაბეშვილის განცხადებით, ჩუბინიძის გადადგომის მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყება.

„ერთი ადამიანი ვხვდებოდი, ვერაფერს ვერ დავუშავებდი ბატონ ანზორს, პირადად მე, ერთი მოქალაქე, ლევან ხაბეიშვილი. ჩვენი მთავარი მოთხოვნა დღეიდან, ამ წუთიდან, იმიტომ, რომ ამ ადამიანს არც პასუხისმგებლობა არ აქვს, ვერც ვერავის ვერ ხვდება, მშიშარაა და მხდალია ისე, როგორც ბიძინა ივანიშვილი, ზოგადად, უყვართ ასე ვთქვათ, დამალულ პოზიციაში ყოფნა... ამ ადამიანმა სასწრაფოდ უნდა დატოვოს თანამდებობა. ჩვენი მოთხოვნაც ეს არის, მათ შორის, დავიწყებთ პეტიციის შეგროვებასაც და ასევე, მნიშვნელოვანია, პროკურატურამ სწრაფად დაიწყოს გამოძიება,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

სკანდალური აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ თავისუფალ მედიაზე მიმდინარე ზეწოლაზე საუბრობს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე. მისი თქმით, ივანიშვილის გარემოცვა მხოლოდ ფინანსური სარგებლის ნახვას ცდილობს.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა დღევანდელი ჩანაწერებით, რომ მიმდინარეობდა და მიმდინარეობს თავისუფალ მედიაზე ზეწოლა და ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული დაცვის წევრები და გარემოცვა ცდილობენ, ამ კონკრეტული ადამიანებისგან მიიღონ ხეირი და მილიონობით ლარი, რომელიც ფაქტობრივად უნდა მოხმარებოდა მედიის განვითარებას, უნდა მოხმარებოდა გადასახადებს, ინაწილებენ ეს ადამიანები,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

დღეს მორიგი აუდიოჩანაწერი მოიპოვა „კურიერმა,“ "იბერიას" საქმეზე, სადაც ჩუბინიძე და ქუმსიშვილი ფიგურირებენ. აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ტელეკომპანიის მფლობელებს პრობლემების მოგვარებისთვის სთავაზობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას სამი მილიონი მისცენ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები