19 სექტემბერი 2018,   06:45
ვრცლად
მკვლელობა გორის მუნიციპალიტეტში - 18 წლის ახალგაზრდის ოჯახი სამართალდამცავებს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს

გორის მუნიციპალიტეტში - ხელთუბანში გარდაცვლილი 18 წლის ახალგაზრდის, თორნიკე მერებაშვილის ოჯახი სამართალდამცავებს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს. მერებაშვილის ოჯახს ამ დრომდე არ აქვს პასუხი, თუ რამ იმსხვერპლა 18 წლის მოზარდი.

გარდაცვლილის ოჯახის ამტკიცებს, რომ ორი სოფლის გზაგასაყარზე მოზარდებს შორის კამათი, სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც თორნიკე მერებაშვილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენეს.

მერებაშვილის გარდაცვალების მიზეზი, ოფიციალური ვერსიით, ავტოკატასტროფა გახდა, თუმცა მოზარდის ოჯახი ამ ვერსიას არ ენდობა.

მომხდარიდან რამდენიმე საათში თორნიკე მერებაშვილის ცხედარს დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაუტარდა. სპეციალისტმა დაასკვნა, რომ მერებაშვილს მანქანის დაჯახების არანაირი კვალი არ ჰქონდა.

გარდაცვლილი ოჯახი სამართალდამცველებს უნდობლობას უცხადებს და დარწმუნებულია, რომ პოლიცია დანაშაულის დაფარვის მიზნით, ფაქტებს აყალბებს.

ჩხუბი ექვს ახალგაზრდას შორის პირველად კობლიაშვილების ოჯახში დაიწყო. ოჯახის უფროსის თქმით, ვახშამზე მისული მერებაშვილი, გარდაცვლილი შეყვარებულის სადღეგრძელოს ამბობდა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდებმა მას არ მოუსმინეს და კონფლიქტიც ამას მოყვა.  

თორნიკე მერაბაშვილის ცხედარს ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნულ ბიუროშიც ჩაუტარდა, თუმცა საბოლოო დასკვნა ჯერ არ დადებულა.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი მუხლით იძიებს, პარალელურად, სამართალდამცველები ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რომელმაც მიყენებული ჭრილობების წარმომავლობა უნდა დაადგინონ.

ვიდრე ბურუსით მოცული გარდაცვალების რეალური მიზეზი დადგინდება, მერებაშვილები ითხოვენ, რომ საქმის გამოძიება გახარიას უწყების ნაცვლად პროკურატურამ ჩაატაროს.

დღის ამბები