19 სექტემბერი 2018,   08:06
ვრცლად
"ეს არის დაშინებული, აკანკალებული კაცის რეაქცია, ლაჩრის რეაქცია" - მიხეილ სააკაშვილმა ივანიშვილს საგანგებოდ მიმართა 

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ივანიშვილს საგანგებოდ მიმართა და დაანონსა, რომ ყოფილი პრემიერის მცდელობის მიუხედავად, ის საქართველოში ჩამოსვლას მაინც აპირებს.

მესამე პრეზიდენტის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ მათ საერთო ნაცნობს - ერთ-ერთ ბიზნესმენს ამერიკაში, დაურეკა. სააკაშვილის თქმით, ქართული ოცნების  თავმჯდომარის სატელეფონო საუბრის მთავარი თემა ის და მისი საქართველოში დაბრუნების საკითხი იყო.

„განხორციელდა ზარი ჩვენს საერთო ნაცნობთან, მნიშვნელოვან ბიზნესმენთან ამერიკაში და დეტალებში მომიყვა ეს კაცი, ისტერიკაში ყვიროდა ყურმილში, თუ სააკაშვილი აქ ჩამოვა, იმ იმედით, რომ გადმომცემდა, რა თქმა უნდა, ასე ვუზამთ, ისე ვუზამთ, დავიჭერთ, ყოფას ვუტირებთ. მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის დაშინებული, აკანკალებული კაცის რეაქცია, ლაჩრის რეაქცია. როგორც ბრონის შუშის ქვეშ იმალებოდა 2012 წელს, ახლა არის ათჯერ უფრო შეშინებული, ვიდრე ოდესმე იყო წინა წლებში. საზოგადოებამ უნდა დაინახოს თავის ძალა, ეს არის საზოგადოების რეაქციის შედეგი, რომ ივანიშვილი არის შეშინებული,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საკუთარ მამულად მიიჩნევს.

„მე არ ვაპირებ იმის დაშვებას, რომ მთელი საქართველო გადაიქცია პირად მამულად. მას მიაჩნია, რომ საქართველო დააპრივატა. მიაჩნია, რომ რაც ნაკლები იქნებიან ქართველები, რაც მეტი წავლენ საქართველოდან, მით მეტი დარჩება მას და ახლა სააკაშვილი უნდა კიდე მაგას საქართველოში? კაცს მიაჩნია, რომ მისია უკვე, ფული გადაიხადა, ყველა იყიდა, დააპრივატა, თავის ჭკუით, ყველა იყიდა და ახლა უცებ საიდანღაც სააკაშვილი უნდა გაჩნდეს მის ადგილ-მამულში, საკარმიდამოში და დაურღვიოს სიწყნარე? ეს არის მისი მოტივაცია. მაგრამ მე მინდა, ვთქვა, რომ საქართველო მას არ უყიდია, მან იყიდა რაღაც ნაწილი საზოგადოების, მაგრამ მოატყუა მეორე ნაწილი. მაგრამ ის, ვინც იყიდა, არის აბსოლუტურ უმცირესობაში. ხალხს აბსოლუტურად გარკვეული აქვს ყველაფერი. მე თვითონ ვიწვნიე ქართული საზოგადოების ძალა 2012-ში და დადგა დრო, როცა ეს ძალა უნდა იწვნიოს ასევე ბიძინა ივანიშვილმა.

"მომავალში ნებისმიერმა მმართველმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოში განმკარგავი არის ქართველი ხალხი და საქართველოს ვერავინ ვერ მიიტაცებს, ვერ მიისაკუთრებს, ვერ გადააქცევს თავის ორღობედ და თავის საკარმიდამოდ. ვინ არის ივანიშვილი? ფორმალურად არაფერი თანამდებობა არ უკავია და თავისთან იბარებს პროკურორებს, სუსელებს, ჯიბეში აძლევს ფულს, გუბერნატორებს და ეს ნიშნავს, რომ ძალიან დაშინებულია. დაშინებულია იმის გამო, რომ ეშინია ქართველი ხალხის და ქართველი ხალხის რეაქციის და ეს არ უნდა გავუნელოთ, ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. წელს ოქტომბერში საქართველოში შეიცვლება ხელისუფლება და დამთავრდება ოლიგარქის ბოგინი. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

დღის ამბები