14 ნოემბერი 2018,   04:58
ვრცლად
საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ შეცვლილი პოზიცია და სააკაშვილის საგანგებო მიმართვა ივანიშვილს

მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით პოზიციას ისევ ცვლის. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმასა და კანდიდატის შერჩევაზე რადიკალურად შეცვლილი განცხადება გააკეთა.

ბახტაძის თქმით, გუნდში დისკუსია მიმდინარეობს, თუ რა ფორმით მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ მონაწილეობა - საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს თუ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი.

აგვისტოს დასაწყისში მმართველი გუნდი ირწმუნებოდა, რომ ის არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებდა და მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი დღემდე მიიჩნევს, რომ ქართულმა ოცნებამ   არჩევნებში საკუთარი კანდიდატი უნდა დაასახელოს, ნაწილი კი დამოუკიდებელი კანდიდატის იდეას უჭერს მხარს.

დამოუკიდებელი კანდიდატი მის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ქართული ოცნების  გადაწყვეტილებას ამ დრომდე ელოდება.

მესამე პრეზიდენტის Facebook-პოსტიდან კი ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილი შეერთებულ შტატებში ლობისტების მეშვეობით ცდილობს, ჩაშალოს მიხეილ სააკაშვილის და მთლიანად გაერთიანებული ოპოზიციის გეგმები.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ივანიშვილს საგანგებოდ მიმართა და დაანონსა, რომ ყოფილი პრემიერის მცდელობის მიუხედავად, ის საქართველოში ჩამოსვლას მაინც აპირებს.

მესამე პრეზიდენტის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ მათ საერთო ნაცნობს ერთ-ერთ ბიზნესმენს ამერიკაში დაურეკა. სააკაშვილის თქმით, ქართული ოცნების  თავმჯდომარის სატელეფონო საუბრის მთავარი თემა ის და მისი საქართველოში დაბრუნების საკითხი იყო.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ჩიხშია და ისეთ საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ არჩევს, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს, კონკურენციას გაუწევს.

სააკაშვილი ასევე ამბობს, რომ ივანიშვილს საპრეზიდენტო მარათონში ჩართვაზე უარი პარტნიორებმა უთხრეს, რის შემდეგაც აქცენტი სალომე ზურაბიშვილზე გადაიტანა. ზურაბიშვილის სკანდალური განცხადებებისა და მის გარშემო განვითარებული პროცესების შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ჩიხში შევიდა და ახალ კანდიდატურას ეძებს.

 

 

დღის ამბები