19 სექტემბერი 2018,   06:52
ვრცლად
რეკორდულად დაბალ ფასში გაყიდული ყურძენი - კახეთში გლეხები ზარალს ითვლიან

კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. დაზარალებულმა ფერმერებმა საკუთარი ვენახების კრეფა დილიდან დაიწყეს.

ძლიერმა სეტყვამ მოსავალთან ერთად ვაზიც დააზიანა. დაზიანებული ყურძენი გლეხებმა რეკორდულად დაბალ ფასში, 50 თეთრად ახმეტის ღვინის ქარხანაში დღეს ჩააბარეს.

დაზარალებულები ამბობენ რომ სხვა ალტერნატივა არ ჰქონდათ, რადგან სახელმწიფომ სუფისდირებასა და კომპენსაციებზე უარი უთხრა.

კომპენსაციას სავარაუდოდ, მხოლოდ ის ფერმერები მიიღებენ, რომლებიც აგრო დაზღვევით სარგებლობენ.

სადაზღვეო კომპანიების წარმომადგენლები ჯერ ადგილზე არ ჩასულან, თუმცა გლეხების დიდ ნაწილს ვენახები გარკვეული მიზეზების გამო დაზღვეული არ აქვთ.

ახმეტაში სტიქიით დაზარალებულ მევენახეებს მოძრაობა "ძალა ერთობაშია" ერთ- ერთი ლიდერი ნიკა მელია შეხვდა. ოპოზიციონერმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს გაცემული დაპირება შეახსენა და ხელისუფლებას ზარალის ანაზღაურებისკენ მოუწოდა.
კახეთში სეტყვისგან დაზარალებული მოსახლეობას ევროპული საქართველოს პრეზიდენტების კანდიდატიც შეხვდა.

დავით ბაქრაძე დასეტყვილ სოფელ ნასამხრალში შექმნილ მდგომარეობას გაეცნო. გლეხები ამბობენ, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები ხელისუფლებამ დაგვიანებით აამოქმედა.

ძლიერმა სტიქიამ ახმეტის რაიონში 4 სოფელი დააზარალა. ვენახების გარდა, სოფლებში განადგურდა სიმინდის მოსავალი, ხეხილისა და ნათესების ბაღები.

ავტორები: ია გულიაშვილი, ნინო ვარძელაშვილი.

დღის ამბები