15 ნოემბერი 2018,   06:35
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელება - პრეზიდენტსა და არასამთავრობოებს შორის შეთანხმება ვერ შედგა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და არასამთავრობო სექტორს შორის შეთანხმება ვერ შედგა. გიორგი მარგველაშვილის მონაწილეობით გამართული პირველივე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, რადგან პრეზიდენტის შეთავაზება სამოქალაქო სექტორმა არ მიიღო.

გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს სთხოვა, რომ თავად წარმოედგინათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, რომელსაც მოგვიანებით პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენდა, თუმცა ამ წინადადებას შეხვედრის მონაწილეების ნაწილი კატეგორიულად არ ეთანხმება.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, მათთვის უცნობია, დაასახელებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი კანდიდატს.

„თუკი იგი ვინმეს შეარჩევს და გვკითხავს აზრს კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებთ, ჩვენ მას მივაწოდოთ ჩვენი შეფასება ამ კანდიდატთან დაკვშირებით - ამაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარი იყო იმაზე, რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და კონკრეტულად პრეზიდენტმა ამ ყველაფერზე. არც დროა ახლა იმის, რომ გრძელვადიანი პროცესი შევქმნათ და ამ ყველაფერში შემოვიდეს სამოქალაქო სექტორი,“- განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

იურისტების ნაწილმა გიორგი მარგველაშვილის პოზიცია გაიზიარა, რომ უმჯობესია არასამთვრობო სექტორმა ერთიანი პოზიცია წარუდგინოს პრეზიდენტს, მან კი - პარლამენტს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გააკეთა. კახა კოჟორიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის საკითხზე პრეზიდენტსა და სამოქალაქო სექტორს შორის შეთანხება, სამწუხაროდ, ვერ შედგა.

მისივე განცხადებით, კანდიდატურასთან დაკავშირებით საკუთარ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი უახლოეს დღეებში გააცნობს საზოგადოებას.

„მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით პრეზიდენტმა გააკეთა შეთავაზება, რომ ჩვენ გვჭირდება საერთო ძალისხმევა ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად და პრეზიდენტმა გააკეთა შეთავაზება, რომ ამ პროცესში ჩართულიყო იურიდიული წრეების ფართო წარმომადგენლობა და მას გაეკეთებინა ის პროცესი, რაც სწორად მიაჩნდა და დაესახელებინა შესაბამისი კანდიდატი. სამწუხაროდ, ამ ფორმატთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ მოხერხდა. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, პრეზიდენტი უახლოეს მომავალში მიაწვდის საზოგადოებას თავის გადაწყვეტილებას,“- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები