25 სექტემბერი 2018,   01:37
ვრცლად
„უზრდელი, ინტრიგანი ხარ, ახლა დაგაკავებ წინააღმდეგობაზე" - პოლიციელი ახალგაზრდა მამაკაცს მიმართავს

გადააჭარბეს თუ არა პოლიციელებმა უფლებამოსილებას - შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომასალაზე მოკვლევა დაიწყო. საქმე ეხება გვიან ღამით თბილისში ქავთარაძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტს, როცა სამართალდამცველებმა ორი ახალგაზრდა გააჩერეს და მათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვეს.

ახალგაზრდების პროტესტი პოლიციის განყოფილებაში მათი გადაყვანის მცდელობას მოჰყვა.

„უზრდელი ხარ, შენ ინტრიგანი ხარ, ახლა დაკავებ წინააღმდეგობაზე,“- მიმართავს პოლიციელი ახალგაზრდა მამაკაცს.

პირი, რომელმაც პოლიციელთან ინციდენტის დროს Facebook Live ჩართო და ვიდეო გაასაჯაროვა, „კურიერს“ ესაუბრა. დავით გუგეშაშვილმა გუშინ გვიან ღამით მომხდარი ინციდენტი გაიხსენა. მისი თქმით, სამართალდამცველი, რომელსაც პოლიციელის ფორმა არ ეცვა, მისთვის და მისი მეგობრისთვის ფოტოს გადაღებას ცდილობდა, რაზეც მან უარი განუცხადა, რასაც პოლიციელის მხრიდან აგრესია მოჰყვა.

გუგეშაშვილი ვარაუდობს, რომ სამართალდამცველი შემთხვევის დროს ნასვამი იყო.

„აგრესიული იყო, ჩვენი განყოფილებაში გადაყვანა უნდოდა იმის გამო, რომ პირადობა თან არ მქონდა და სააზე მიჩვენებს, ღამის ოთხ საათზე ქუჩაში რა გინდა. ღამის ოთხ საათზე არ მაქვს უფლება, რომ ჩემს ქალაქში ვისეირნო? ძველბიჭური ლაპარაკი ჰქონდა, მგონი, სახელმწიფო მოხელეს მოქალაქეების მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ უნდა ჰქონოდეს, არაფერი დაგვიშავებია, უბრალოდ მოვდიოდით ქუჩაში ორი ახალგაზრდა ადამიანი. ფორმა არ ეცვა, არც საბუთი წარუდგენია, რა გავიგო, ვინ არის. უნდოდა ფოტო გადაეღო და რა თქმა უნდა, უარი განვუცხადე ამაზე, რამაც აგრესია გამოიწვია. ჯიბეში ჩაწყობილი ხელები, მოხრილი საუბარი და ძველბიჭური - მგონი პოლიციელი სხვაგვარად უნდა ელაპარაკებოდეს მოქალაქეს,“- განაცხადა დავით გუგეშაშვილმა.

დღის ამბები