23 ოქტომბერი 2018,   10:57
ვრცლად
კავშირი ტერორიზმთან - ძებნილი რუსლან შავაძე დაკავებულია

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის ბრალდებული, რუსლან შავაძე დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, შავაძე ბათუმში დააკავეს.

შავაძე ამ დრომდე იძებნებოდა. ის ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული ექვსი პირიდან ერთ-ერთია, რომლებსაც საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსლან შავაძეს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის 13 წელი მიესაჯა.

„ჩატარებული გამოძიებით და მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ახმედ ჩატაევმა, იბრაგიმ ადაშევთან და რუსლან შავაძესთან ერთად, 2017 წლის 27 ოქტომბერს არალეგალურად გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთი, რაშიც დახმარებას ასევე უწევდნენ მათი დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები, რომელთა მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.

ახმედ ჩატაევი, იბრაგიმ ადაშევი და რუსლან შავაძე, მათივე დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, დაბინავდნენ ქ.თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, მათთვის თანამზრახველების მიერ წინასწარ შერჩეულ ბინაში, სადაც 2017 წლის 21-22 ნოემბერს ჩატარებული იქნა სპეცოპერაცია, რა დროსაც ლიკვიდირებული იქნა ორი ტერორისტი - იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი, ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა. დაკავებულ იქნა შოაიფ ბორზიევი.

რუსლან შავაძემ სპეცოპერაციის დაწყებამდე რამოდენიმე საათით ადრე საცხოვრებელი ბინა დატოვა და მიიმალა. გამოძიების მსვლელობის პროცესში იგი დაუსწრებლად იქნა მიცემული პასუხისგებაში, გამოცხადებული იქნა ძებნა და მიმდინარეობდა აქტიური სამძებრო ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით,“ - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

გასულ წელს პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 6 პირი დააკავეს, რომელთაგან 2-ს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად, 4-ს კი ტერორისტების დახმარება და ხელშეწყობა. ამ ბრალდებით კიდევ 2 ადამიანია დაკავებული, თუმცა მათი საქმე ცალკეა გამოყოფილი.

დღის ამბები