23 ოქტომბერი 2018,   11:30
ვრცლად
საკანონმდებლო ვაკუუმი - მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციის შემდეგ პრემიერი მთავრობას ახალი რეგულაციების შემუშავებას ავალებს 

მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაცია პრემიერმა მთავარ გამოწვევად დაასახელა. მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობას ახალ რეგულაციებზე მუშაობის დაწყება დაავალა.

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში საკანონმდებლო ვაკუუმია. ამ დროისთვის, არც ერთი ასაკობრივი კატეგორიის ადამიანისთვის მარიხუანას მოხმარება აკრძალული არ არის.

პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებას კანონის გამკაცრებით უპასუხებს. მთავრობას უკვე გადაწყვეტილი აქვს ნარკოდამოკიდებულთა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრების გახსნა და დაფინანსების გაზრდა.

ყველა თანხმდება, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით შეზღუდვები უნდა დაწესდეს, თუმცა, დეპუტატების მიერ შეცვლილმა კანონმა არ უნდა დატოვოს განცდა, რომ საკანონმდებლო ორგანო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების რევიზიას ახდენს.

მოხმარების ლეგალიზაციის შემდეგ, ღიად რჩება მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის საკითხიც. დღეს ქვეყანაში მარიხუანას მოხმარება არ ისჯება, თუმცა ისჯება მისი შეძენაც, შენახვაც, გასაღებაც და კულტივაციაც.

ნარკოტიკთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო საკანონმდებლო წინადადებებს პარლამენტს, სავარაუდოდ, სექტემბერში შესთავაზებს, რადგან საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ რეგულაციებზე მუშაობას საშემოდგომო სესიის გახსნისთანავე უნდა დაიწყოს.

დღის ამბები