23 ოქტომბერი 2018,   10:55
ვრცლად
როდესაც შენს კოლეგებს უწოდებ კომკავშირელებს, "კოლექტიურ ზარდიაშვილებს", ეს არის წითელი ზღვრის გადაკვეთა - კობახიძე ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვაზე

„როდესაც შენს კოლეგებს უწოდებ კომკავშირელებს, "კოლექტიურ ზარდიაშვილებს" და ასე შემდეგ, ეს არის წითელი ზღვრის გადაკვეთა,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ყოფილი თანაპარტიელის, დავით ჭიჭინაძესთან, დაკავშირებით გააკეთა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დავით ჭიჭინაძე თანაპარტიელებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა და სწორედ ეს გახდა მისი პარტიიდან გარიცხვის მიზეზი.

„ასეთი რამ სხვა დეპუტატებს არ გაუკეთებიათ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, შესაბამისად, ბუნებრივია, ვერავის ასეთი მოლოდინი ვერ ექნება. ეს იყო ერთი კონკრეტული დეპუტატი, რომელმაც გადაკვეთა ყველა ზღვარი, მართლა აუხსნელია, რატომ შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა,“  - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ, თუ დავით ჭიჭინაძეს ეჭვი ეპარება, რომ მისი პარტიიდან გარიცხვა გუნდის ერთიანი გადაწყვეტილება არ იყო, მას შეუძლია, რომ ეს პოლიტსაბჭოში გაასაჩივროს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჭიჭინაძის გუნდიდან გარიცხვასთან დაკავშირებით პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, საქმის კურსში იყო.

„კონკრეტულ დეპუტატს შეუძლია ამის გასაჩივრება პოლიტსაბჭოში და იქ თავისი თვალით ნახავს იმას, თუ ვინ იყო მომხრე და ვინ არ იყო მომხრე მისი გარიცხვის პოლიტიკური პარტიიდან. მე თქვენ გარწმუნებთ, რომ გვაქვს ძალიან აქტიური კონსულტაციების რეჟიმი პარტიის შიგნით, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გვაქვს კონსულტაციები პარტიის თავმჯდომარესთან, როდესაც მიიღება პრინციპული გადაწყვეტილებები. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, უნდა არსებობდეს კონკრეტული მოლოდინები გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტის საქმიანობა შეაფასა. ის მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ხორავას ქუჩის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას. საკანონმდებლო ორგანო მუშაობას სექტემბერში განაახლებს, სადაც ერთერთი მთავარი თემა პარლამენტის რეგლამენტი იქნება.

დღის ამბები