14 ნოემბერი 2018,   11:40
ვრცლად
ბოლო კონსულტაციები პრემიერთან - "ქართული ოცნება" გაფართოებულ შეხვედრას მართავს

„ქართული ოცნება“ პრემიერთან მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით ბოლო კონსულტაციებს გადის. ამ წუთებში მმართველი გუნდი გაფართოებულ შეხვედრას მართავს, რასაც წინ უძღოდა პოლიტსაბჭოს სხდომა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრი მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ  კონსულტაციები მამუკა ბახტაძესთან მანამდეც ჰქონდათ და ახალ სახეებთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვთ, თუმცა მათი დასახელება პრემიერი პრეროგატივაა. დეპუტატები ადასტურებენ იმას, რომ პრემიერ-მინისტრი ეკონომიკურ გუნდს ცვლის.

„გუნდი მხარს უჭერს მცირე მთავრობის კონცეფციას, რომელიც ერთის მხრივ მხარს უჭერს სამინისტროების და მინისტრების რაოდენობის შემცირებას მაგრამ ამავდროულად გულისხმობს ბიუროკრატიის და ბიუროკრატიის დანახარჯის შემცირებას მთლიან შიდა  პროდუქტთან მიმართებაში. რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და როგორც გითხარით პოლიტიკური კონსულტაციები იყო გუნდში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით თუმცა ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა, რომ მან დაასახელოს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა. და მე გთხოვთ, რომ დაველოდოთ უკვე ოფიციალურ განცხადებას პრემიერ-მინისტრის მხრიდან,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მმართველი გუნდის ნაწილი კი უარყოფს, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია დეპუტატებს აქვს. მათ შორის არის ნუკრი ქანთარია, რომელიც ამბობს, რომ არაფერი იცის.

„ვიცი ის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი არ ვიცი. პრემიერის პრეროგატივაა და პრემიერის შემდეგ ნახავთ უკვე როგორ წარიმართება პროცესი,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ნუკრი ქანთარიასგან განსხვავებით მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ როგორც ჩანს ინფორმაციას ფლობს ზაქარია ქუცნაშვილი, თუმცა ახალი სახეების დასახელებისგან ისიც თავს იკავებს. დეპუტატი არც იმას მალავს რომ სიმპათიით არის განწყობილი მოქმედი შს და იუსტიციის მინისტრების მიმართ და თვლის, რომ ერთ პირზე ყველა პრობლემა არ უნდა გადატყდეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან ღირსეული მინისტრი ჰყავს. მე იმედი მაქვს, რომ ბატონი გახარია ძალიან ძლიერ მინისტრად ჩამოყალიბდება იმიტომ, რომ ის სისტემური ხედვის  და პრინციპების მატარებელი გახლავთ. იუსტიციის სამინისტროსთან დაკავშირებით კითხვები იყო თუმცა არ მგონია, რომ პატიოსანი იყოს ყველაფრის ერთ პიროვნებაზე დაბრალება. მთელი პრობლემების  რაც კი მართლმსაჯულების სისტემაში არის. იმიტომ, რომ მართლმსაჯულება არ არის  მარტო იუსტიციის სამინისტრო. იქ არის ცალკე პროკურატურის პრობლემები, ცალკე საერთო სასამართლოს პრობლემები, ცალკე სხვა ხასიათის პრობლემები. ასე, რომ არ მგონია სამართლიანი იყოს ერთ პიროვნებას ავკიდოთ მთელი პასუხისმგებლობა,“-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი გახდება გიორგი ქობულია. ფინანსთა მინისტრის თანამდებობას კი დაიკავებს ვანო მაჭავარიანი. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს  მიხეილ ბატიაშვილი უხელმძღვანელებს. 

დღის ამბები