19 სექტემბერი 2018,   22:47
ვრცლად
უწყებების ავტოპარკი დაახლოებით 1000 ავტომობილით შემცირდება - პრემიერი 

სახელისუფლებო ავტოპარკი 1000 ავტომობილით მცირდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, სამთავრობო ავტოპარკი მცირდება 1000 ავტომობილით, ასევე 500 ავტომობილით შემცირდება იმ მანქანების რაოდენობა, რომელიც კონკრეტულ თანამდებობის პირებს ემსახურება.  

პრემიერის განცხადებით, მანქანები რეალიზაციისთვის ფინანსთა სამინისტროს გადაეცემა.

„გარკვეულ სტრუქტურებში ის ხარჯი, რომელიც ჩვენ გვაქვს, სახელმწიფო ავტოპარკის შენახვასთან დაკავშირებით, არის მიუღებელი და ამ კუთხით არის პრინციპული ნაბიჯები გადასადგმელი. მთავრობის სტრუქტურის ცვლილებების ფარგლებში, წლის ბოლომდე უწყებების ავტოპარკი შემცირდება დაახლოებით 1000 ავტომობილით. აღნიშნული მანქანები გადაეცემა რეალიზაციისთვის ფინანსთა სამინისტროს და მათ მაგივრად მოხდება სპეციალური ავტომანქანების შეძენა, პატრულისთვის, გარემოს დაცვითი ოპერაციებისთვის და მსგავსი სპეციალური საჭიროებებისთვის, რათა ჩვენმა ორგანოებმა შეძლონ უკეთესად ფუნქციონირება. ასე, რომ მნიშვნელოვნად შეიზღუდება იმ პირთა წრე, ვისაც აქვს პერსონალური ავტომობილით სარგებლობის უფლება. დაახლოებით 500 ე.წ. მიკუთვნებული მანქანა გადაინაცვლებს სამორიგეო პარკში,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

დღის ამბები