22 სექტემბერი 2018,   10:47
ვრცლად
„მასალებით დგინდება, რომ მალხაზ კობაურმა ჩაიდინა დანაშაული," - პროკურორი სმიტების ოჯახის მკვლელობაზე საუბრობს

ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამართული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებისა და დაცვის მხარემ განმარტებები გააკეთა. პროკურორის თქმით, სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეში ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით მხოლოდ ერთ პირის - მალხაზ კობაურის მხრიდან ჩადენილი დანაშაული იკვეთება, თუმცა დავით ყაზარაშვილი არ გამორიცხავს, რომ დამნაშავეთა წრე მოგვიანებით გაფართოვდეს.

„საქმეზე არსებული მასალებით, მათი ერთობლივი ანალიზით დგინდება, რომ მალხაზ კობაურმა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე. მიმდინარეობს გამოძიება, თუ ვინმეს ბრალეულობა კიდევ გამოიკვეთა, რა თქმა უნდა, ამ პირთა მიმართ იქნება გადაწყვეტილება მიღებული,“- განაცხადა პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც კობაური წინასწარ პატიმრობაში დარჩა, დაცვის მხარე არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს.

„ამ საქმეში უტყუარი მტკიცებულება არავის აქვს, ამ საქმის თვითმხილველი მოწმე არ არსებობს, ბრალდების მხარე ემყარება მხოლოდ იმ ე.წ. სავარაუდო მტკიცებულებებს, რომელიც მანამდე მოიპოვა, სანამ საქმეში ადვოკატი ჩაერთვებოდა,“- განაცხადა ადვოკატმა, ალუდა ბუჩუკურმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები