19 სექტემბერი 2018,   14:29
ვრცლად
პირველი გასროლა მოხდა მამაკაცის მიმართულებით, შემდეგ მცირეწლოვანი ბავშვის - მამუკა ჭელიძე ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაზე

„რომ არა ბრალდებულის პირდაპირი მითითებები და თანამშრომლობა გამოძიებასთან, გამოძიებას საკმაოდ გაუჭირდებოდა მცირეწლოვნის ცხედრის მიგნება, ვინაიდან ის იყო საკმაოდ რთულ ადგილზე გადამალული,“ - ეს განცხადება შსს-ს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ, ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით  გადაცემა არჩევანის ეთერში გააკეთა.

მამუკა ჭელიძე აცხადებს, რომ დაკავებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან. დაკავებულის ადვოკატი კი აცხადებს, რომ დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. მისი თქმით, დაკავებულმა ბრალის წარდგენის შემდეგ ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა, რასაც ჭელიძე ვარაუდობს, რომ ეს დაცვის ერთგვარი სტრატეგიაა.

„მან, გარდა იმისა, რომ აღიარა ჩადენილი დანაშაული, მან უშუალოდ მიუთითა და გამოძიებას ამოაღებინა დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი. ასევე, მან მიუთითა მცირეწლოვნის ცხედრის გადამალვის ადგილი, სადაც თვითონ გაიყვანა გამომძიებლები და აჩვენა ის ადგილი, სადაც გადამალა მცირეწლოვნის ცხედარი. მინდა, გითხრათ, რომ ხადას ხეობაში არსებული რთული რელიეფის გათვალისწინებით, რომ არა ბრალდებულის პირდაპირი მითითებები და თანამშრომლობა გამოძიებასთან, გამოძიებას საკმაოდ გაუჭირდებოდა მცირეწლოვნის ცხედრის მიგნება, ვინაიდან ის იყო საკმაოდ რთულ ადგილზე გადამალული,“ - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მამუკა ჭელიძის თქმით, დაკავებულმა განმარტა, რომ მკვლელობის მთავარი მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა. მამუკა ჭელიძე ასევე აღნიშნავს, რომ გამოძიება სხვა ვერსიებსაც განიხილავს, თუმცა, ამ ეტაპზე თავს იკავებს სხვა ვერსიებზე საუბრისგან.

ის აცხადებს, რომ საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე დაკავებულსა და სმიტების ოჯახს შორის კონფლიქტი ყოფით დეტალებს მოჰყვა.

მამუკა ჭელიძე არ გამორიცხავს, რომ გამოძიებამ სხვა პირების ბრალეულობაც გამოკვეთოს.

4 წლის ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით მამუკა ჭელიძე ამბობს, რომ ბრალდებულის მონაყოლიდან გამომდინარე, ბავშვი იმიტომ მოკლა, რომ დანაშაული გაადვილებოდა.

„საქმეში არსებული ამ დროინდელი მტკიცებულებით შეიძლება, ითქვას, რომ პირველი გასროლა მოხდა მამაკაცის მიმართულებით, შემდეგ მოხდა გასროლა მცირეწლოვანი ბავშვის მიმართულებით. ქალბატონი, რომელიც ამ ყველაფერს შეესწრო, რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით არის, როგორც ჩანს, გაქცეული და შემდეგ იქ, საკმაოდ რთული რელიეფია, ჩასავარდნი ადგილებია და ზუსტად, იმ ძირში აღმოვაჩინეთ,“ - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

20 წლის მალხაზ კობაურს ამერიკის სამი მოქალაქის მკვლელობას ედავებიან.

დღის ამბები