14 ნოემბერი 2018,   10:22
ვრცლად
გარანტიის სერტიფიკატი რუსთავში შარიქაძეების ოჯახს გადაეცა

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები თბილისსა და საქართველოს რეგიონებში გარანტიის სერტიფიკატების გადაცემას განაგრძობენ.

პარტიის რეგიონალური მიმართულების ხელმძღვანელი, დავით კირკიტაძე რუსთავში ბანკებით დაზარალებულ შარიქაძეების ოჯახს შეხვდა და სერტიფიკატი გადასცა. 

ოჯახმა ბანკში იპოთეკური სესხი 2012 წელს აიღო და ლარის გაუფასურების გამო, ვალის დაფარვას ვეღარ ახერხებს, რის გამოც სახლის დაკარგვის საშიშროების წინაშე დგას.

დავით კირკიტაძის განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, დაზარალებულებს კომპენსაციებს გადაუხდიან. 

„სწორედ მსგავსი ადამიანების და ოჯახების დასახმარებლად "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეიმუშავა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს, რომ მათი კრედიტები გასტუმრებული იქნება იმ კურსით, რომელიც იყო პრეზიდენტ სააკაშვილის დროს და ეს იყო 1.65, ასევე მოსახლეობამ, რომელმაც ეკონომიკური ვარდნის შემდეგ დაკარგეს შემოსავლები, გამოცხადდება 2 წლიანი მორატორიუმი და ჩვენი ამოცანაა, ყველა ასეთ ოჯახში მივიდეთ, მივიტანოთ და გადავცეთ გარანტიის სერტიფიკატი,“- განაცხადა დავით კირკიტაძემ.

გარანტიის სერტიფიკატი ყველა იმ დაზარალებულს გადაეცემა, რომელიც  „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს დაზარალდა. ენმ-ის ინიციატივა სპეციალური სახელმწიფო ფონდის შექმნას გულისხმობს, რომლის კაპიტალი 2,5 მილიარდი ლარი იქნება, ასევე იგეგმება 2 წლიანი მორატორიუმის გამოცხადება ე.წ. უსამართლო ვალებზე, თანხა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი სავალუტო კურსით დაანგარიშდება.

დღის ამბები