22 სექტემბერი 2018,   10:51
ვრცლად
მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი იუსტიციის მინისტრის გარეშე - ინიციატივა პარლამენტში უკვე წარდგენილია

სამოქალაქო სექტორი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესისგან იუსტიციის მინისტრის ჩამოშორებას კანონით ითხოვს. ახალი ინიციატივა პარლამენტში უკვე წარდგენილია. ცვლილების მიხედვით, ქვეყნის პროკურორის შერჩევის პროცესი დროებით უნდა შეჩერდეს და ის ახალმა საპროკურორო საბჭომ უნდა აირჩიოს, რომელიც მათი თქმით, ასევე შესაცვლელია.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ საპროკურორო საბჭოს 15 წევრიდან რვა პარლამენტმა წარადგინოს, აქედან ოთხი - მმართველმა ძალამ, ოთხი კი - ოპოზიციამ. სამოქალაქო სექტორის აზრით, 5 წევრი პროკურორების კონფერენციამ უნდა აირჩიოს, 2 კი - სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კომისიამ.

ცვლილების მიხედვით, საბჭოში პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი ვეღარ მოხვდებიან. საპროკურორო საბჭოს ყველა წევრი აკადემიური წრეებიდან, სამოქალაქო სექტორიდან და ადვოკატთა ასოციაციიდან უნდა აირჩიონ.

მმართველი გუნდის განმარტებით, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვას არც მოქმედი კანონმდებლობა აფერხებს. ინიციატივას შეისწავლიან, თუმცა გაითვალისწინებენ თუ არა, ჯერჯერობით უცნობია.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მთავარი პროკურორობის კანდიდატი მათი და სამოქალაქო სექტორის თანხმობით უნდა შეირჩეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები